
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანი გახდეს. საკითხზე პროექტირება უკვე დასრულებულია. ამის შესახებ Allnews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
"პროექტირება დააფინანსა სახელმწიფომ. დამატებითი ორი ზოლის პროექტი დასრულდა. რაც შეეხება დაფინანსებას მშენებლობაზე, ეს ამ წლის ბიუჯეტის გეგმაში არ დევს, საერთაშორისო დაფინანსებაც არ გვაქვს ჯერ. ამიტომაც ვართ თანხების მოძიების პროცესში", - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, ქუთაისის შემოვლით გზაზე გასულ წელს, არაერთი ავარია მოხდა, რის შემდეგაც გზაზე მოძრაობა ცალმხრივი გახადეს.
შემოვლითი გზაზე დამატებით 2 ზოლის დამატების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განაცხადა.
როგორც მაშინ სეთურიძემ აღნიშნა, "2 ზოლის დამატება ეკონომიკურად ამ ეტაპზე გამართლებული არ არის, თუმცა გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო".
"რაც შეეხება ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის ე.წ. შემოვლით გზებს, აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა მოხდა ჯერ კიდევ დაახლოებით, 2007-2008 წლებში. მაშინ იაპონურმა ფონდმა (JICA), რომელიც ამ სამუშაოებს აფინანსებდა, მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ აქ უნდა აშენებულიყო 2 ზოლიანი ავტომაგისტრალი. მათი პრინციპული პოზიციის მიუხედავად, გზების დეპარტამენმა ჯერ კიდევ მაშინ მოითხოვა, რომ ზესტაფონიდან 14 კილომეტრი - ნახშირღელეს ხიდამდე მაინც ყოფილიყო 4 ზოლიანი გზა და 2009 წელს პროექტი გაკეთდა. თუმცა მაშინვე გადაწყდა, რომ სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა, მაგალითად, ხიდები, სხვა ნაგებობები უკვე დაგეგმილიყო მომავალში 4 ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის",- განაცხადა მაშინ სეთურიძემ.