რა ხდება ხაიშში, სადაც მოსახლეობა სპეცრაზმის გაყვანას ითხოვს
ხაიშში მესტიის მერის წარმომადგენლის, ოთარ ჭკადუას ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობას ცენტრალური გზა აქვს გადაკეტილი.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სიტუაცია "შედარებით დაწყნარებულია". როგორც "ინტერპრესნიუსს" ოთარ ჭკადუამ განუცხადა, ადგილობრივები სპეცრაზმის გაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გზის ბლოკირების გაგრძელებით იმუქრებიან.
"მე ვიყავი სამართალდამცავებთან და გადავეცი მოსახლეობის აზრი, თუმცა მათი დამოკიდებულება რაღაც სიჯიუტეს ჰგავს. ახლა შედარებით სიმშვიდეა", - აღნიშნა ჭკადუამ.
მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით კი, ის საქმის კურსშია და ხაიშისკენ მიემართება.
ხაიშში ადგილობრივები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას აპროტესტებენ, რაც ხე-ტყის უკანონო მოპოვებას უკავშირდება. აღნიშნულის გამო სოფელში სპეცრაზმის შეყვანა გახდა საჭირო.