4 ხარჯი, რაც ავტომობილების მფლობელებს ეზრდებათ (ინფოგრაფიკა)
ავტომობილების მფლობელებისთვის 2018 წელი სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. ამოქმედდა ტექდათვალიერება, კიდევ უფრო გაძვირდა საწვავი, დაიწყო ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია. მომავალი წლიდან კი მოსალოდნელია თბილისში პარკირების გადახდის სისტემის ცვლილებაც, რაც ცენტრალურ უბნებში პარკირების გაძვირებას გამოიწვევს.
ტექდათვალიერება დავიწყოთ სავალდებულო ტექდათვალირებით. პერიოდული ინსპექტირების ამოქმედება ეტაპობრივად მიმდინარეობს. იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის.
1 ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
1 ოქტომბრიდან M1 - 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება გახდება სავალდებულო.
ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება დაიწყება.
საქართველოს მასშტაბით უკვე მოქმედებს 37 თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ინსპექტირების ცენტრი.რაც შეეხება ფასს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მსუბუქი და მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის 60 ლარი, ხოლო ყველა სხვა სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი ღირს. საწვავი ავტომფლობელებისთვის კიდევ ერთი ხარჯი იზრდება. ეს არის საწვავი.
ბენზინის ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა. თუ 5 იანვარს მაგალითად, 1 ლიტრი საწვავი "ევრორეგულარი" ერთ-ერთ საშუალოფასიან ბენზინგასამართ სადგურზე ღირდა 2,09 ლარი, დღეს ღირს 2,29 ლარი.
პარკირება თბილისში მანქანის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა პარკირების გადასახადის სისტემიც ცვლილებაც. როგორც იგეგმება 2019 წლის პირველი ნახევრიდან თბილისში ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემა შემოდის. ეს სისტემა ძირითადად თბილისის ცენტრალურ უბნებში დაწესდება. ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადასახადი უფრო ძვირი იქნება, ვიდრე დღეს არის და უფრო ძვირი, ვიდრე სხვა ზონებში.
პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება გადახდის ორი სისტემით - ადგილზე დამონტაჟებული აპარატით, როგორც ნაღდი ფულით, ასევე ელექტრონული საფულით, და მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაციის მეშვეობით.
ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა ეღირება საათობრივი პარკირება თბილისის ცენტრალურ უბნებში, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ეს იქნება იმდენი, რომ შესაძლოა, ავტომფლობელებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული არჩიონ მანქანით გადაადგილებას.
ტაქსების ლიცენზირება და ბოლო სიახლე ეხება ტაქსებს. ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია 1 აგვისტოს უკვე დაიწყო. ერთწლიანი ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge, მძღოლი იხდის 100 ლარს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარს, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება პარკირებაც. საწვავი ელექტრომობილებს თავისთავად არ სჭირდებათ. ამგვარად მათი მფლობელებისთვის ხარჯი თითქმის არ იზრდება, თუ არ ჩავთვლით სავალდებულო ტექდათვალიერების ხარჯს, რაც წელიწადში მხოლოდ 60 ლარია.