გაქვთ თუ არა საკუთარ ნაკვეთზე ხის მოჭრის უფლება და რა მიიჩნევა ტყის უკანონო ჩეხვად? | Allnews.Ge

გაქვთ თუ არა საკუთარ ნაკვეთზე ხის მოჭრის უფლება და რა მიიჩნევა ტყის უკანონო ჩეხვად?

2018 წლის ივლისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2352 მ3-მდე ხე-ტყე.

Allnews.ge დაინტერესდა, რა მიიჩნევა ტყის უკანონო ჩეხვად და როგორ უნდა მოიპოვოს პირმა ტყეში ხის მოჭრის უფლება. ასევე რა შემთხვევაში აქვს ან არ აქვს ფიზიკურ ან იურიდულ პირს საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ხის მოჭრის უფლება.

როგორ მოვიპოვოთ ხის მოჭრის უფლება?

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყეში ხის მოჭრა ნებართვის გარეშე დაუშვებელია. საქართველოს ტყის კოდექსში ვკითხულობთ, რომ ფიზიკური პირების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, საშეშე მერქანზე ხე-ტყის დამზადება ტყის მართვის ორგანოს მიერ გაცემული ბილეთის საფუძველზე ხორციელდება.

ხე-ტყის დამზადების ბილეთი არის ტყის მართვის ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე სახელობით გაცემული დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით ხე-ტყის დამზადების უფლებას. როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში allnews.ge-ს განუმარტეს სოციალური ჭრის, ანუ საშეშე მერქნის მოპოვების ნებართვის მისაღებად პირმა უნდა მიმართოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.

როგორია საშეშე მერქნის ღირებულება?

რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, როგორც სატყეო სააგენტოში განაცხადეს, მომსახურების საფასური შეადგენს 3 ლარს, ხოლო მოსაკრებელი განსხვავდება ხის ჯიშის მიხედვით და შეადგენს 1 კუბური მეტრის მოცულობის შეშაზე 2-დან 3 ლარამდე.

საქართველოს ტყის კოდექსის მიხედვით, ხე-ტყის დამზადების ბილეთში მოცემულ ვადებში და მოცულობით რესურსის აუთვისებლობის შემთხვევაში, ხე-ტყის დამზადების ბილეთი უქმდება და მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება.

ვინ აკონტროლებს ტყეში ხის ჭრას?

კითხვაზე თუ ვინ აკონტროლებს, პირმა შეძენილი ბილეთით გათვალისწინებული ოდენობის ხე მოჭრა თუ არა, სატყეო სააგენტოში განმარტეს, რომ მოჭრილი მერქანის ოდენობას აკონტროლებს ტყის მცველი და დაშვებულზე მეტი ოდენობით ჭრის შემთხვევაში, პირი ჯარიმდება.

როდესაც პირს საერთოდ არ აქვს ხე-ტყის დამზადების ბილეთი, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია უკანონოდ მოპოვებული მერქნის ჩამორთმევა, და როცა ამ მერქნის რაოდენობა (მოცულობა) ცნობილია, გაანგარიშებულ ზიანის თანხას ემატება ხის შესაბამისი მერქნული რესურსის სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის ერთმაგი ოდენობა შესაბამისი მოცულობის გათვალისწინებით (ნამრავლით).

აქვს თუ არა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საკუთარ მიწის ნაკვეთზე ხის ჭრის უფლება?

"პირს აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ ტერიტორიაზე მოჭრას ხე. მას არ შეუძლია მოჭრილი ხის ტრანსპორტირება (ანუ საკუთარი ტერიტორიიდან გატანა) შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე. ამ დოკუმენტაციის მოსაპოვებლად, პირმა უნდა წარადგინოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოჭრილი ხის წარმოშობის საბუთი, რის საფუძველზეც მას გასცემენ ტრანსპორტირების ნებართვას."- განმარტეს ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით რეგულაციებს შემოიღებს.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში, ან ხელს აფარებს ამას.