
სამართალდამცველებმა ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ შსს-დან გვაცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს, ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
"დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და 1980 წელს დაბადებული ბ.კ.
სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.