
მთაწმინდაზე, შესაძლოა, წარწერა "თბილისი" გაჩნდეს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც კახა კალაძე აცხადებს, ქართულ-ინგლისურად ამ წარწერის გაკეთების იდეა მერიას მოქალაქემ მიაწოდა.
"ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა "თბილისი" ქართულ-ინგლისური ასოებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე წარწერა იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას. თუმცა, ამ საკითხს ჩვენ გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის საბჭოზე, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ სივრცეში მდებარეობს და გვინდა, რომ ვიკითხოთ, ეს რამდენად შესაძლებელია",- აცხადებს მერი.
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – "შენი იდეა ქალაქის მერს" პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა.
ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 196 მიმდინარე, 193 დაბლოკილი, 465 - არშემდგარი, 2 - შეთანხმებული და ერთი დაბლოკილი იდეაა. 12 იდეა კი განხილვის პროცესშია.