
დღეს, 22:00 საათიდან თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ყოფილი ბულაჩაურის, ამჟამინდელი კალანდაძის ქუჩა დროებით გადაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის განცხადებით, კალანდაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება, რომლის პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება.
"მთლიანად ავიღებთ გზის საფარს და მოვაასფალტებთ. მთლიანად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები. ელექტროსადენები, რომელიც მიწის ზემოთ არის, მიწის ქვეშ მოეწყობა, რადგან არაესთეტიურია. მალე გვექნება ლამაზი, კომფორტული, მიწისქვშა კომუნიკაციებით შეცვლილი ქუჩები ქალაქში", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ყოფილი საბურთალოს, ახლანდელი ჭაბუკიანის ქუჩა გახსნა. როგორც კალაძემ ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ჭაბუკიანის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, რის შემდეგაც, ავტომანქანებს გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლებათ. რაც შეეხება მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოებს, მისივე განმარტებით, ის ღამის საათებში განხორციელდება.
"საკმაოდ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე და ვთქვი, რომ 15 სექტემბრისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება. ჭაბუკიანის ქუჩაზე უკვე დასრულებულია სამუშაოები და გაიხსნება მოძრაობა. მეორე ეტაპი ეს არის საბოლოო სამუშაოები, მეორე და მესამე ფენების მოასფალტება და ეს ღამის საათებში განხორციელდება, რათა მოსახლეობას დისკომფორტი არ შევუქმნათ. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს საცობების თავიდან აცილება შეუძლებელია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება და ჩვენც ვერანაირად ვერ შევძლებდით თავიდან აგვერიდებინა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მოსახლეობას თანადგომისთვის და მოთმინებისთვის. ის, რაც თითოეულ ჩვენთაგანს გვინდა, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი, ამ პროექტების გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა კალაძემ.