რამდენი დახარჯა ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის დასაფინანსებლად?
საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისა თუ სხვა სახის მკურნალობის დაფინანსებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. Allnews.ge დაინტერესდა ყველაზე ხშირად რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები სამკურნალოდ და რამდენია ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები 16-მდე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ მიდიან საზღვარგარეთ. მათ შორისაა: ონკოლოგია, ნევროლოგია, ინფექციური პათოლოგია (მათ შორის ჰეპატიტები) ენდოკრინული პათოლოგია, ქირურგია, ტრამვატოლოგია-ორთოპედია, კარდიოქირურგია, ოფთალმოლოგია, უროლოგია, ანგიოლოგია, კეთილთვისებიანი სიმსივნე, მეანობა-გინეკოლოგია, ყელ-ყურ ცხვირის პათოლოგია, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, სუნთქვის ორგანოთა პათოლოგია და სხვა.
როგორც აღმოჩნდა, 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ონკოლოგიური დაავადებების თურქეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და რუმინეთში სამკურნალოდ ჯანდაცვის სამინისტროს 38-მა პაციენტმა მიმართა, რისთვისაც უწყების ბიუჯეტიდან 415 584 ლარი დაიხარჯა.
მეორე ადგილზეა ნევროლოგია, თურქეთსა და გერმანიაში მკურნალობისთვის 24 პაციენტისთვის ჯანდაცვამ 274 491 ლარი გამოყო.
სამეულში შედის ტრამვატოლოგია-ორთოპედიაც, ამ მიმართულებით მკურნალობისთვის ქართველი პაციენტები თურქეთში, რუსეთში, გერმანიასა და ჩეხეთში მიდიან. ტრამვატოლოგიური თუ ორთოპედიული პრობლემების მოსაგვარებლად 17 პაციენტისთვის 183 678 ლარი გამოიყო.
საერთო ჯამში საზღვარგარეთ ქართველი პაციენტების სამკურნალოდ სამინისტრომ 1 362 603 ლარი დაიხარჯა.ქართველი პაციენტები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად ბელარუსში, გერმანიაში, თურქეთში, ისრაელში, ავსტრიაში, იტალიაში, ლიეტუაში, რუსეთსა და ჩეხეთშიც მიდიან.
თუმცა, პაციენტების უმრავლესობა მკურნალობისთვის საქართველოში არსებულ კლინიკებს მიმართავს. საქართველოში 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ყველაზე დიდი რაოდენობით გულის თანდაყოლილ მანკთან დაკავშირებული ოპერაცია დაფინანსდა. ამ მიმართულებით ჯანდაცვას 418-მა პაციენტმა მიმართა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 752 091 ლარი გამოიყო. მეორე ადგილზეა ონკოლოგია. 310 პაციენტისთვის 1 094 588 ლარი გამოიყო. სამეულში შედის კარდიოქირურგია. 210 პაციენტის მკურნალობისთვის ბიუჯეტიდან 880 132 ლარი დაიხარჯა.