
დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ძლიერი ქარის შედეგებს ებრძვიან. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაერთო.
უწყების ინფორმაციით, ლანჩხუთში და მიმდებარე რამდენიმე სოფელში სახლების სახურავებია დაზიანებული, მოგლეჯილია ხეები, შეწყვეტილია გაზის და ელექტროენერგიის მიწოდება. აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, კერძოდ, დაწყებულია გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა.
სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის, გიგი კობიაშვილის განცხადებით, ქუთაისის სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი დილიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს შესაბამის კომპანიებთან, რომლებიც ძალიან გადანაწილდებიან ობიექტებზე და შეუდგებიან დაზიანებული სახურავების შეკეთების სამუშაოებს.
"ზუგდიდის შტაბი დილიდან შეკრებილია, აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და იმ კომპანიებთან ერთად სამუშაოს განაწილება, რომლებმაც უნდა დაიწყონ ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები. ძალიან მალე გავდივართ ყველაზე რთულ ობიექტზე - ანაკლიის მიმართულებით მდებარე დევნილთა დასახლებისკენ, სადაც საცხოვრებელი სახლების სახურავებია დაზიანებული"- განაცხადა ზუგდიდიდან რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი თოფურიამ.
სამივე რეგიონის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, შექმნილია შტაბები. დაწყებულია მიყენებული ზიანის დათვლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სკოლების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.
მდგომარეობის შესწავლის მიზნით, არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა შემადგენლობით, დასავლეთ საქართველოში სამინისტროს საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა, რომლებიც სკოლების ვითარებას სწავლობენ და სამუშაოებს ადგილზე ასრულებენ.
"მათ მიერ უკვე შესწავლილია ზუგდიდის №7, №1, №5, ზუგდიდის სოფლების - ზედა ეწერის, ორსანტიის და კახათის №1, წალენჯიხის №2 და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №2 საჯარო სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი ხვალ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. სპეციალისტთა ჯგუფი დღეს სამეგრელოსა და იმერეთის, კერძოდ სამტრედიის №3, სამტრედიის სოფელ მელაურის, საჩხერის სოფელ შომახეთის, ქუთაისის №6, ვანის სოფელ ზეინდარის, თერჯოლის სოფელ ქვედა სიმონეთის №1, აბაშის №1, მარტვილის სოფელ ბანძის და სენაკის სოფლების ნოსირის და ძველი სენაკის საჯარო სკოლებს დაათვალიერებს",- ნათქვამია განცხადებაში.