
1-ელი აპრილიდან საქართველოში სამი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება. მათ შორის:
1. 2019 წლის 1 აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
უწყების ცნობით, კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.
კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
2. 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება.
როგორც მწარმოებლების ნაწილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, აღნიშული რეგულაცია მთლიანად გააჩერებს ქართულ წარმოებას და 5200 კაცი უმუშევარი დარჩება. ამასთან, ქვეყანაში მხოლოდ იმპორტრებული ბიოდეგრადირებადი პარკები შემოვა, რაც ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, პროდუქტის ფასიც ძვირი იქნება.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა.
ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1-ლი აპრილიდან სრულად აიკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
3. დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს 1-ელი აპრილიდან შეეძლებათ.
„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის ლევან სურგულაძის თქმით, 40 წელს ზემოთ დასაქმებულებს საპენსიო სისტემის დატოვებისთვის ორი თვის ვადა ექნებათ.
"დასაქმებული, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სქემიდან გასვლას შეძლებს. ამისთვის საკმარისია საპენსიო სააგენტოს მიმართონ შესაბამისი განცხადებით. რაც შეეხება რეგიონებს, სოციალური მომსახურების სააგენტოებში 69 ლოკაციაზე გვეყოლება ოპერატორები, რომლებიც მოემსახურებიან საპენსიო სისტემის დატოვების მსურველებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს თანხები გრძელვადიან ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირდება, გვჭირდება ვიცოდეთ ვინ რჩება მასში. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში საზოგადოება დარწმუნდება სისტემის საჭიროებაში და მასში ჩართული თვითდასაქმებულების რაოდენობა გაიზრდება", -აცხადებს ლევან სურგულაძე.
მისივე განმარტებით, პროცედურა მარტივი იქნება და სისტემის დატოვების შემდეგ სურვილის შემთხვევაში, 40 წელს ზემოთ მყოფ დასაქმებულებს მასში დაბრუნება შეეძლებათ.
პირველი აპრილიდან მოსახლეობის ნაწილი პასპორტს და ID ბარათს უფასოდ მიიღებს