რას ყვება ფოტოგრაფი, რომლის "მფრი­ნა­ვი ლე­ლო" ინტერნეტჰიტი გახდა | Allnews.Ge

რას ყვება ფოტოგრაფი, რომლის "მფრი­ნა­ვი ლე­ლო" ინტერნეტჰიტი გახდა

ლევან ვერძეული პროფესიით ფინანსისტია და წლებია ამ სფეროში მუშაობს. როგორც თვითონ ამბობს, ფოტოგრაფია მისი მეორე ცხოვრებაა, რომელსაც "შაბათ-კვირის ცხოვრებას" ეძახის, ესაა დრო, როდესაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს იღებს. ლევანი, ორივე სფეროში წარმატებულია, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მას ისე იცნობს, როგორც გამორჩეულ ფოტოგრაფს, რომელიც ერთი კადრით ყვება მთელ თამაშს.

მისი ერთ-ერთი ბოლო შედევრი საქართველო-რუსეთის მატჩის დროს გადაღებული ვასილ ლობჟანიძის "მფრინავი ლელოა", რომელმაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდი მოიარა და ათიათასობით ინტერნეტმომხმარებელმა იხილა.

- დაახლოებით 10-11 წელია რაც რაგბს ვიღებ, თავიდან ფაქტობრივად არანაირი გამოცდილება არ მქონდა სპორტის გადაღების. არც ვიღებდი სხვა სპორტს, გარდა რაგბისა. რაგბს იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მიყვარს და სხვა სახეობასთან შედარებით, უფრო კარგად მესმის. თავიდან, მთლიანად სამოყვარულოდ ვიღებდი, უფრო ვერთობოდი, ვიდრე იმაზე ვფიქრობდი რომ სურათები რამე ღირებულებას წარმოადგენს.

ნელ-ნელა უკვე უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა, შემდეგ ინვესტიციაც გავაკეთე, გაცილებით უკეთესი აპარატურა შევიძინე და აგერ უკვე დიდი ხანია ჩვენი ნაკრების ფაქტობრივად ყველა თამაშს ვიღებ, როგორც საშინაოს, ისე საგარეო თამაშებზეც დავდივარ. მოკლედ, სადაც რამე საინტერესო ხდება რაგბში დავდივარ და ვიღებ.

- ლევან, ემოციის გამო, მაგალითად, ლელოს დადებისას, თუ შეგშლია ხელი კადრის გადაღებაში?

- შეიძლება შემშლია, მაგრამ არ მახსენდება რომ მეთქვას რა დროს აღნიშვნა იყო, რა მაგარი კადრი გავაფუჭე-მეთქი. ისე კი, ძალიან ხშირად არც მცოდნია შეხვედრა რა ანგარიშით დამთავრდა, მხოლოდ ემოციებით მივმხვდარვარ ვინ მოიგო და სახლში მისულს გადამიხვევია და მინახავს, რადგან რაგბი ძალიან მიყვარს და სტადიონზე ვერ ვუყურებ ხოლმე. ჩათვალე რომ, როდესაც სტადიონზე ვარ ესაა ჩემი სამსახური და ასეთ დროს გამიჯნული უნდა იყოს გულშემატკივრობა საქმისაგან, რომელსაც აკეთებ.

 

- ლევან, როგორია ობიექტივიდან დანახული რაგბი?

- საშინელება. ისეთი კარგი არა, როგორც სურათებზეა. ძალიან რთული საყურებელია, ობიექტივიდან თამაშს კი არ უყურებ რომ აი შეტევაა, ან კარგი კომბინაციაა და ისიამოვნო, არამედ იმაზე ფიქრობ, რომ წამი გააჩერო, რომელიც მნახველისთვის იქნება საინტერესო. ესაა სპორტის ფოტოგრაფია. საკუთარ საქმეს ვუყურებ როგორც მედიატორს მოთამაშესა და გულშემატკივარს შორის, შენი ვალია რომ მნახველთან ის ემოცია მიიტანო, რასაც იმ მონეტში გრძნობს სპორტსმენი

- გამორჩეულად საყვარელი სარაგბო ფოტო თუ გაქვს?

- თუ ერთი უნდა ავარჩიო, ესაა საფრანგეთში U20 მსოფლიო ჩემპიონატზე გადაღებული სურათი, როდესაც ჩვენებმა იაპონია დაამარცხეს. ამ სურათში სპორტული აქტივობა არაა, მთლიანად ემოციაა. ბოლოს გელა აფრასიძემ დადო ლელო და ამის აღნიშვნის კადრია. ფოტოგრაფებს ზოგადად მოედანზე შესვლა არ შეგვიძლია, მოედნის კიდიდან ვიღებთ. ამ მომენტში, მოხდა ისე რომ აღმოვჩნდი მოედნის ცენტრში, სადაც გუნდი აღნიშნავდა გამარჯვებას და გადავიღე ეს კადრი.

- სპორტსმენებთან ერთად თუ განგიხილავს რომელიმე კადრი ან რაიმე შენიშვნა თუ უთქვამთ?

- არა. სპორტსმენები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არის მომენტები, როცა ვიღაცას საკუთარი თავი არ მოსწონს. შეიძლება ვიღაცის ტალახიანი ფოტო გადავიღო და მას ერჩივნოს ღიმილიანი ფოტო გადამეღო. ბევრი ნიუანსია და ერთამეთთან დისკუსიაში არ შევდივართ. არის სურათები, რომელიც დარწმუნებული ვარ, თვითონ მოთამაშეებს არ გაუხარდებოდათ, მაგრამ ესაა ისტორია.

არც ისე იშვიათია, როდესაც სპორტსმენები ცდილობენ იპოზიორონ. როდესაც ხვდებიან რომ სურათს ვიღებ იპრანჭებიან ხოლმე და არასოდეს ასეთი ფოტო კარგი არ გამოდის. ეგ ის სურათი არაა, რასაც ელოდება მნახველი ფოტოგრაფისგან

 

- ლელოს დადება უფრო რთულია თუ კარგი კადრის დაჭერა?

- იქიდან გამომდინარე რომ ცოტა ხანს მითამაშია რაგბი, გეტყვი რომ ძალიან სხვადასხვა რამეა. ლელოს ძალიან დიდი ფიზიკური მომზადება, შრომა და მენტალობა სჭირდება. სპორტის ფოტოგრაფია ალღოა. კი, რაგბსაც სჭირდება ალღო, მაგრამ პირველხაზელი რომ ხარ, არა მგონია მხოლოდ ალღოს გამო აგიყვანონ გუნდში.

ხშირად ამბობენ, ეგეთი კამერა რომ მქონდეს მეც გადავიღებდი ეგეთ ფოტოსო, მაგრამ ასე არაა. სულ რომ 40 000 დოლარის ტექნიკა გქონდეს, შეიძლება ვერაფერი გადაიღო, შენ უნდა იცოდე რა ტექნიკაც გაქვს, იმით როგორ გადაიღო კარგი კადრი.

- "vaska airlines" - კადრი რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო...

- სხვათაშორის, თვითონ ვასკა ლობჟანიძემაც დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა და ეს გამიხარდა. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენთან ძალიან ხშირია, როდესაც საავტორო უფლებებს უხეშად არღვევენ და ამის გამო ბევრგან მქონია კამათი. თანხის გადახდაზეც არაა საუბარი, ხშირად ავტორსაც კი არ უთითებენ და ამ ყველაფრის გამო, ხშირად საერთოდ უარს ვამბობ კადრების საჯაროდ დადებაზე.

ვასკა ლობჟანიძის კადრი გამონაკლისი იყო, ვიცოდი კიდეც რომ ყველა წაიღებდა ამ ფოტოს, მაგრამ ისეთი მომენტი დავიჭირე, დანაშაული იქნებოდა ამის არ გამოქვეყნება. ამ კადრში ყველაფერი ერთად იყო: გამოცდილება, ალღო, იღბალი, მაგრამ იღბალსაც გამოყენება უნდა. გამიმართლა, რომ ვასკამ ზუსტად ჩემს წინ დადო ლელო, მაგრამ მე რომ მზად არ ვყოფილიყავი, ეს კადრი დაიკარგებოდა.

 

- ლევან, ალღო ახსენე, წინასწარ თუ მიმხვდარხარ და გითქვამს - აი, ეს მაგარი კადრი გამოვა?

- როდესაც შენ გუნდს იღებ, უკვე იცი, რა მომენტში რას გააკეთებს და ემზადები, მაგრამ ზოგადად სპორტი ძალიან მოულოდნელია და არასოდეს იცი წინასწარ, რა დროს რა მოხდება, ამიტომ ყოველთვის მზად უნდა იყო კადრის გადასაღებად.

ავტორი: ლადო გოგოლაძე

სტატიაში გამოყენებულია ლევან ვერძეულის ფოტოები