როგორ ცხოვრობს ეკატერინე ტიკარაძე- მრავალფეროვანი გარდერობი და სტილის ევოლუცია მენეჯერობიდან-მინისტრობამდე
ორი წლის წინ, "ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინისტრის დავით სერგეენკოს პოსტიდან წასვლა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. განსაკუთრებულად კი მის ადგილზე ყველასთვის უცნობი ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნა, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გაგვეგო.
პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი, რომელიც კარგი მენეჯერი გახლდათ - ასე გაგვაცნეს საზოგადოებას, თუმცა ოპოზიცია მას ივანიშვილი ოჯახის სტომატოლოგად მოიხსენიებდა.
ალბათ ტიკარაძის პერსონა კიდევ დიდხანს ვერ დაიმსახურებდა სხვა კუთხით საზოგადოების ყურადღებას რომ არა პანდემია. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პანდემიის დაწყების დროს ეთერში დაბნეული იდგა ხოლმე ეპიდემიოლოგებთან ერთად. მალე ტიკარაძე კამერებს დაუმეგობრდა და მისი გამოჩენა ტელევიზიით ყოველდღიურ ამბად იქცა.
გარდა იმისა, რომ ოპოზიცია და საზოგადოება პანდემიის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებდნენ, ყურადღების ცენტრში მოექცა მისი მუდმივად დავარცხნილი თმა, ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველა სალონი დაკეტილი იყო.
პანდემიიდან ერთი წლის თავზე, ეკატერინე ტიკარაძის ახალი ვარცხნილობა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იქცა ხუმრობის თემად, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მინისტრს ყველაზე მეტად კარე და "ჩოლკა" მოუხდა.
ვარცხნილობა ერთადერთი არ არის რაც მინისტრის იმიჯს საინტერესოს ხდის. თვალი გადავავლეთ ეკატერინე ტიკარაძის მინისტრად დანიშვნის შემდგომ აქტივობებს და ალბათ რთულია დათვალო კოსტიუმებისა ის რაოდენობა, რომელიც შესაძლოა მის გარდერობში იყოს.
ტიკარაძის არც ერთ შეხვედრაში არ მეორდება ერთი და იგივე ჩაცმულობა, გარდა შინდისფერი კაბისა, რომელიც ორ შეხვედრაზე ეცვა.