"სჯეროდათ, რომ "ბატონებს" სიმღერა შველით, ამიტომ დედა ჩონგურზე უკრავდა, მაშინაც, როცა გვერდით ოთახში მიცვალებული შვილი ესვენა" - რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია?
სიტყვა "ყვავილი" თანამედროვეობაში მხოლოდ მშვენიერებასთან ასოცირდება, თუმცა დაავადება ამ სახელით, კაცობრიობას საუკუნების განმავლობაში კლავდა და ასახიჩრებდა. ეს დაავადება 1980 წელს საბოლოოდ აღმოფხვრეს - როგორ გაქრა ინფექცია, რომლის მძვინვარების დროს, თითქმის ყოველი მეორე დაავადებული იღუპებოდა, სიკვდილს გადარჩენილთა შორის კი მრავალი ბრმავდებოდა ან დამახინჯებული რჩებოდა?
პასუხი შემდეგია: ფიზიკოსმა ედვარდ ჯენერმა 1796 წელს კაცობრიობის ისტორიაში პირველი - ყვავილის ვაქცინა გამოიგონა. მის მიერ შემუშავებული ვაქცინის განვითარების მეთოდი კი, სხვა ვაქცინების გამოგონებისთვის უმთავრეს კონცეფციად იქცა.
ტუბერკულოზი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი ბ, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია, პაპილომავირუსული ინფექცია (საშვილოსნოს ყელის კიბო), ზოგიერთი პნევმონია და მენინგიტი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ინფექციებისა, რომელთან ბრძოლაშიც ვაქცინებმა გაიმარჯვეს.
ჩვენი რესპონდენტი მარიამ ჯაში საკუთარი წინაპრების ამბავს გვიყვება, მისი მონათხრობი ამყარებს მოსაზრებას აცრების აუცილებლობაზე:
მარიამ ჯაში:
"ყვავილი ერთ-ერთია იმ ინფექციებს შორის, რომელმაც მსოფლიოზე ტრაგიკული კვალი დატოვა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო ასწლეულის განმავლობაში, სანამ ვაქცინის საშუალებით დაავადების სრული ერადიკაცია მოხდებოდა, მან 500 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისტორიულ წყაროებს თუ გავეცნობით, ვნახავთ, თუ რამდენად დიდი იყო ზიანი, რომელიც ყვავილის, თუ სხვა სასიკვდილო ინფექციების მეშვეობით მიადგა მსოფლიოს. თუმცა, ხშირად გვიჭირს ხოლმე ისტორიული ფაქტების თანამედროვეობასთან გაიგივება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დროსა და სიცრცეში ჩვენგან ძალიან, ძალიან შორს ხდებოდა, ამიტომ, ჩემი ოჯახის ისტორიას მოგიყვებით:
ბებიაჩემი წარმოშობით გურულია, მისი ოჯახი ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბოხვაურში ცხოვრობდა. ბაბუამისი, პორფილე მუჯირი კი ფოთის პორტში დადიოდა სამუშაოდ, სადაც ყვავილის ვირუსით დაინფიცირდა. სიმპტომურად არაფერი უგრძნია და სახლში უშფოთველად დაბრუნდა, სადაც 7 მცირეწლოვანი შვილი ელოდა. შვიდივე დაავადდა ყვავილით.
როგორც ჩანს, დაავადების სიმპტომები და რისკები მოსახლეობისთვის უცხო არ იყო, რადგან როგორც კი ბავშვებს პირველი ნიშნები გამოუვლინდათ, ოჯახი სრულ იზოლაციაში გადავიდა, მეზობლები კი მათ ღობის მეორე მხრიდან საკვებსა და საჭირო ნივთებს გრძელი ჯოხით აწვდიდნენ
მაშინ სჯეროდათ, რომ "ბატონებს" სიმღერა შველით, ამიტომ დედა ჩონგურზე უკრავდა და ბავშვებს უმღეროდა, მაშინაც კი, როდესაც გვერდზე ოთახში მიცვალებული შვილი ესვენა... ინფექცია მცირეწლოვნებში დაუნდობლად მიმდინარეობდა და ექვსი მათგანი მალევე იმსხვერპლა. მხოლოდ ყველაზე უფროსი გადაურჩა მაშინ სიკვდილს და სხეულზე მრავლობითი ნაწიბურითა და მკვეთრად დაქვეითებული ცხოვრების ხარისხით, კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა. ვერც მიცვალებულ ბავშვებს ეკარებოდა ვინმე, ამიტომ, წინასწარ გათხრილ საფლავებში გარდაცვლილი შვილები მამას მარტოს მიჰყავდა და თვითონვე მარხავდა...
ოჯახში კიდევ სამი შვილი ჰყავდათ, რომლებიც იმ დროისთვის ნათესავებთან იყვნენ გაგზავნილი და ასე გადაურჩნენ ინფექციას. მათ შორის ერთ-ერთი ჩემი დიდი ბაბუა იყო, რომელიც შემდეგი 2 წელი სახლში არ დაუბრუნებიათ. მხოლოდ ეს იღბლიანი შემთხვევითობა აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ დღეს მისი შთამომავლობა, მათ შორის მეც, ვარსებობთ.
ეს ისტორია ბებიაჩემისგან ჯერ კიდევ ბავშვობაში მოვისმინე. მოყოლისას მითხრა: "ბებიაჩემი ხშირად ამბობდა: ჩემი შვილებითაა მიწა სავსეო. ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა, დღემდე არ დამვიწყებია. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურიდან გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, შენ ოჯახში დატრიალებული ტრაგედია ემოციურად ბევრად უფრო დიდ კვალს ტოვებს ცნობიერზე.
ვფიქრობ, იმავეს თქმა შეიძლება დღევანდელობაზეც. Covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ხშირად მსმენია ადამიანებისგან, რომ მათ არ სჯერათ ვირუსის არსებობის ან არ ეშინიათ მისი. ისეთ შემთხვევებსაც ხშირად ვხვდებით, როდესაც, თუნდაც ქუჩაში უხეშად არღვევენ უსაფრთხოების წესებს, მიუხედავად იმისა, რომ, სრულიად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად კორონავირუსით. სხვას გადამხდარი ისტორიების სრულად გააზრება ალბათ ისეთივე რთულია, როგორც სხვის შეცდომებზე სწავლა. თუმცა, არავის ვუსურვებ, საკუთარ თავზე გამოსცადოს ასეთი საშინელება" - აღნიშნავს მარიამ ჯაში.
კითხვაზე - "როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?", ჩვენი რესპონდენტი გვპასუხობს:
"ამის წარმოდგენა არ მჭირდება, რადგან სამყარო უკვე არსებობდა ვაქცინების გარეშე და ისტორიაც, რომელიც ჩემს ოჯახზე მოგიყევით, სწორედ იმ სამყაროდანაა. იმუნიზაცია რომ არ არსებობდეს, სხვადასხვა ინფექცია დღესაც უამრავ ადამიანს შეიწირავდა, სწორედ ისე, როგორც კორონავირუსული ინფექცია გვაკარგინებს საყვარელ ადამიანებს. წარმოვიდგინოთ, დღეს ერთის მაგივრად რამდენიმე პანდემიასთან რომ გვიწევდეს გამკლავება... ჩვენ მუდმივად ვებრძვით მიკროსამყაროს და ვაქცინა ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი იარაღია.
ცხადია, ვაქცინებს გვერდითი ეფექტები აქვთ და ხშირად ადამიანებში ეს გარკვეულ შიშს ან უნდობლობას იწვევს. გვერდითი ეფექტები აქვთ მედიკამენტებსაც, თუმცა ხშირად ადამიანებს მაშინ უწევთ მედიკამენტების მიღება, როდესაც შეუძლოდ არიან და ნათლად ხედავენ მისი მიღების აუცილებლობას. შესაბამისად, არ უჭირთ მედიკამენტის მიღების სარგებლისა და რისკების ერთმანეთთან შედარება.
ვაქცინას ჯანმრთელი ადამიანები იკეთებენ და ამიტომ, ის იშვიათი გვერდითი ეფექტებიც კი, რაც ვაქცინაციას შეიძლება მოჰყვეს, მეტად აფორიაქებთ. ყოველთვის არსებობს ხოლმე ეჭვი, რომ აუცრელადაც შეიძლება გადაურჩნენ დაინფიცირებას, აცრას კი, თუნდაც ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, რაიმე გართულება მოჰყვეს. ამას ეჭიდებიან "ანტივაქსერული" კამპანიები და ფაქტების დამახინჯებით თუ არასწორი ინტერპრეტირებით ცდილობენ, მოსახლეობაში შიში გააღვივონ. შიშის დაძლევა კი მხოლოდ მეტი ინფორმაციის მიღებით და რისკების სწორად შეფასებითაა შესაძლებელი.
დღეს როგორც ისტორიული ფაქტები, ასევე, სამეცნიერო ლიტერატურა ამყარებს იმ აზრს, რომ, ვაქცინაციისგან მიღებული სარგებელი გაცილებით აჭარბებს რისკს. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრით, მე პირველი შესაძლებლობისთანავე ავიცრები" - გვეუბნება მარიამ ჯაში წაიკითხეთ ვრცლად AMBEBI.GE-ს სპეცპროექტი - როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?