"აცრა უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებას ნიშნავს" - რას ყვებიან ვაქცინირებული ქართველები საკუთარ გამოცდილებაზე | Allnews.Ge

"აცრა უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებას ნიშნავს" - რას ყვებიან ვაქცინირებული ქართველები საკუთარ გამოცდილებაზე

მსოფლიომ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრება სტრესში გაატარა - მათ, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო ახლობლების დაკარგვას გადაურჩნენ, ამის შიში ყოველდღიურად თან სდევდათ; დაავადება მძიმე მიმდინარეობით დაამარცხა ბევრმა ინფიცირებულმა; ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა და გართობის სივრცეები შეეზღუდათ, სახლებში მოუწიათ გამოკეტვა...

ამასობაში, სწრაფი ტემპებით შეიქმნა ვაქცინები, დაიწყო აცრები და ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ისრაელი, კორონავირუსს უკვე ემშვიდობება...

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით ამჟამად 45 000-მდე ადამიანია აცრილი, "ფაიზერის" ორი დოზით უკვე აიცრა თითქმის 3 000 ადამიანი. მათი უმრავლესობა 65 წელს გადაცილებული ადამიანები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან.

როგორ შეცვალა ვაქცინაციამ ამ ადამიანების ცხოვრება? - "ფაიზერის" ვაქცინით აცრილები Allnews.ge-ს თავიანთი გამოცდილების შესახებ უამბობენ.

ეთერ ცირეკიძე, 68 წლის, ეკონომისტი, პენსიონერი:

"რომ არა სტრესი, ვაქცინას არც გავიკეთებდი. მთელი ეს პერიოდი, რაც კორონა შემოვიდა, დაძაბული ვიყავი. რამდენი რამე გაუქმდა, რამდენი რამ ვერ გავაკეთეთ ამ პანდემიის გამო... თითოეული ჩემი დახველება, ან მეზობლის, შვილის, მეგობრის თუ შვილიშვილის გაციება, შიშს იწვევდა, აბა, არ დაემართოს კორონა, არ მოხდეს ფატალური შემთხვევა და ა.შ. სულ სტრესის ქვეშ ვიყავით. ძალიან ველოდი ამ ვაქცინას. სიმართლე რომ ვთქვა, "ასტრაზენეკამ" ცოტა შეგვაშინა იმ ამბის გამო, რაც მოხდა, თუმცა გადავწყვიტე, რომ თუკი "ფაიზერის" ვაქცინა შემოვიდოდა, აუცილებლად გავიკეთებდი.

eterivaqcinacia-1619690266.jpg

"ფაიზერის" შემოსვლისთანავე ჩავეწერეთ - 12 აპრილს პირველი დოზა გავიკეთე, 5-ში კი მეორე მიწევს.

რა თქმა უნდა, ვაქცინაზე ინფორმაცია მოვიძიე, თუმცა რომ ვთქვა, ამ ვაქცინის შემადგენლობას ღრმად ჩავყევი-მეთქი, არა. ვენდე იმ ხალხს, ვინც ეს ვაქცინა გააკეთა, ვენდე ჩვენს მთავრობას, რომ შემოიტანეს. ასევე, დარწმუნებული ვარ, ვაქცინის გაკეთება აუცილებელია, რომ ამ პანდემიამ გადაიაროს, თორემ ბოლო დროს ყოველდღიური ინფიცირების ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება; გაღარიბდა ქვეყანა და ხალხი; ერთმანეთს ვერ ვხვდებით, გვეშინია ერთმანეთის დანახვაც, ფანჯრიდან ხომ არ შეხედავ ყველას და ტელეფონით და ვიდეოთვალით ხომ არ დაელაპარაკები?!

ბედნიერი ვიყავი, რომ გავბედე და გავიკეთე, ძალიან მომეშვა. იმავე დღეს რომ ყოფილიყო მეორე დოზის გაკეთების საშუალება, მაშინვე გავიკეთებდი. აცრის დღეს თითქოს, ხასიათი დამიმძიმდა, ცოტა შეცხელებაც იყო, თუმცა სიცხე არ მქონია. იმის მერე წესებს მაინც ვიცავ, არც გავდივარ სახლიდან, მინდა, მეორე დოზის გაკეთებას ნორმალურად შევხვდე, რადგან ინფექცია უკვე ძალიან გამრავლდა.

აქამდე ჩემს და-ძმასთან და ჩემს შვილთან თავისუფლად ვერ მივდიოდი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვირუსს ჩემს ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან არ მივიტან და სტუმრად უკვე თამამად მივალ. შვილიშვილები მყავს, მაგრამ ყველა ვცდილობთ, ერთმანეთს მოვერიდოთ და ახლა ცოტათი ხომ მაინც მოეშვება ეს მორიდება? უკვე ვიცი, რომ ვაქცინა გაკეთებული მაქვს და ამ ვერაგი დაავადების გადამტანი მე არ ვიქნები" - გვეუბნება ეთერ ცირეკიძე და კითხვაზე, რას ეტყოდა მათ, ვინც ვაქცინის გაკეთებაზე თავს იკავებს, გვპასუხობს:

"ის ასაკოვნები, ვინც თავს იკავებს, ძალიან დიდ სისულელეს აკეთებენ. მე არ ვარ კომპეტენტური, არ ვარ ექიმი, არ ვარ მედიცინის მუშაკი, მაგრამ ძალიან კარგად მოვისმინე ექიმების მოწოდებები, რომ ხალხმა ვაქცინა გაიკეთოს. მეტი რა უნდა უთხრა ხალხს?

საქართველოში, დაავადებულების რიცხვი 300 000-ს აცდა, 4 000-ზე მეტი გარდაიცვალა. რამდენი მილიონი ვაქცინაა გაკეთებული მსოფლიოში და რამდენია გარდაცვლილი? რაღაცით ხომ უნდა იმსჯელო ადამიანმა? ნებისმიერ წამალს, რომელსაც ვსვამთ, უარყოფითი ჩვენებები, გვერდითი მოვლენები აქვს. მგონი, უნდა განსაზღვრო და აწონ-დაწონო, რომელი ჯობია შენთვის, შენი ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის, შენი ქვეყნისთვის და ბოლოს და ბოლოს, შენი მსოფლიოსთვის! ჩემი მსჯელობა ასეთი იყო - სწორედ ამიტომ გავიკეთე ვაქცინა“.

ირინა ღოღობერიძე, 70 წლის, თეატრის კრიტიკოსი:

"შიში ნამდვილად არ მქონია, რადგან საერთოდ, ეს არ მჩვევია - საკმაოდ ბევრი გვაქვს გამოვლილი ამისთვის ცხოვრებაში. ჩემი ცხოვრების დევიზია, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. რა თქმა უნდა, პანდემიამ ძალიან შეცვალა ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ აღმოვჩნდით აბსოლუტურად სხვა განზომილებაში - ყველამ ვირტუალურ სივრცეში გადავინაცვლეთ.

gogoberidze-1619690322.jpg

მე თეატრის კრიტიკოსი ვარ, ჩემი პროფესია ძალიან მოძრავია, ვართ მოდებული მთელ საქართველოს, სადაც თეატრია, სადაც რაიმე ფესტივალი მიმდინარეობს და სადაც პრემიერაა - ეს ყველაფერი განსაკუთრებით ახლა, გაზაფხულის პერიოდში დამაკლდა, როცა თეატრი ძალიან მძიმედ და რეგულაციების დაცვით, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს...

რაც შეეხება იზოლაციას, სახლში არის ოჯახი, ტელეფონი, კომპიუტერი, შემიძლია, ყველას დავეკონტაქტო, დაველაპარაკო, არის წიგნები, რომელიც არ წამიკითხავს და თაროებიდან ისინი გადმოვიღე, არის ინტერესები ცხოვრებაში, რომლისთვისაც მანამდე დრო არ მქონდა. რა თქმა უნდა, ჩვეული ტემპი და ცხოვრების ხალისი არ არის, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში ჩავარდნა ნამდვილად არავის უნდა მოუნდეს.

თავიდანვე ვიცოდი, ის, რომ უნდა ავცრილიყავი, ისევე, როგორც ჩემმა მეუღლემ. მე ექიმებში ვარ გაზრდილი და შეჩვეული ვარ, პრევენციულ ზომებს რომ გთავაზობს ექიმი და თვლის, რომ ეს აუცილებელია, ე.ი. უნდა შეასრულო. რა თქმა უნდა, თავიდან გარკვეული სკეპსისი და სიფრთხილე მქონდა, მეორე დოზის მიღების დროსაც მქონდა ფიქრები, რა და როგორ იქნებოდა, გამოიწვევდა თუ არა დისკომფორტს. თუმცა, არც კი მიფიქრია, რომ არ ავცრილიყავი, რადგან აცრა ჩემთვის უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებას ნიშნავს.

პირველ ჯერზე უფრო მეტი სიფრთხილით და ინტერესით მივდიოდი, მაგრამ ძალიან მშვიდად და წყნარად ჩაიარა. მარცხენა ხელზე მხოლოდ პატარა დისკომფორტი მქონდა, სადაც აცრა გამიკეთეს, ოდნავ ვგრძნობდი დაბუჟებას, ასევე, მესამე თუ მეოთხე ღამეს მქონდა შემცივნება, თუმცა ექიმს გაფრთხილებული ვყავდი და მომზადებული ვიყავი - დავწექი, თბილად გადავიფარე, მოვადუნე სხეული და მაქსიმუმ 5 წუთში ამ შეგრძნებამ გამიარა.

ცოტა ხანია, მეორე დოზა გავიკეთე და აბსოლუტურად არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, თუმცა გვითხრეს, რომ შეიძლება, ანალოგიური სიმპტომები განვითარდეს. რა თქმა უნდა, სიმშვიდის მომენტი არის. ჯერჯერობით, 5 დღე სახლში უნდა გავატარო. აცრის მიმართ ნერვიული დამოკიდებულება არ მქონია.

რა შეცვალა ვაქცინამ? უფრო თავისუფლად ვივლი, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც პირბადით. სიმშვიდე კი მაშინ მოვა, როდესაც აიცრება მაგალითად, ჩემი ქალიშვილი, ნაცნობები, ახალგაზრდები, ზოგიც ჩემზე უფროსი, აიცრებიან ისეთებიც, ვისაც არ სჯერა აცრის... უნდა გაიგონ, რომ ეს საჭიროა! ძალიან ცოტანი ვართ ხალხნო, და ნებისმიერი ადამიანი ფასეულია ჩვენთვის, საქართველოსთვის - ეს ნუ გვავიწყდება, ნიუ-იორკის ერთი კვარტლის ხელა ქვეყანაა...

ყველას მოვუწოდებ: აიცერით, აიცერით, აიცერით! ეს სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ არ დაინფიცირდნენ, ღმერთმა დაგვიფაროს და ზაფხული მოდის, სადღაც წავლენ და ალბათ, სხვანაირი რიტმი იქნება, შესაბამისად, სხვების ცოდვაში ნუ ჩადგებიან..." - ამბობს ირინა გოგობერიძე.

მარიკა მეგრელიშვილი, 45 წლის, ექიმი:

"კორონავირუსის პანდემია ყველას შეგვეხო. სამყარო რაღაცნაირად ამოტრიალდა და ღირებულებების გადაფასება მოხდა, მივხვდით, რომ ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია; ასევე, თურმე როგორი მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა, რისი სერიოზული დეფიციტიც მივიღეთ ამ პერიოდში. პანდემიამ ჩემი ცხოვრებაც ნამდვილად შეცვალა, რადგან სოციალურად აქტიური ტიპაჟი ვარ და ადამიანებთან ურთიერთობა დამაკლდა, უფრო დავაფასე ჩემი ახლობლები და მათთან ურთიერთობა.

megrelishvil-1619690736.jpg

ასევე რთულია, მთელი თვე კომპიუტერთან იყო მიჯაჭვული, ყურსასმენები გეკეთოს - პატარა შვილები მყავს, რომლებიც ვერაფრით იგებენ, დედა სახლშია და მათ ვერ ეთამაშება; სრულაიდ ამერია დღის რეჟიმი, რადგან ცდილობ, იმუშავო იმ მომენტში, როცა გცალია, ამავდროულად კი ბავშვებისთვის საჭმელს აკეთებ, უვლი მათ და ყველაფერი ერთდროულად ხდება.

როგორც კი მსოფლიოში ვაქცინაციის პირველი შესაძლებლობა გამოჩნდა, მზად ვიყავი, იმ წამსვე ავცრილიყავი, დაუფიქრებლად. თუმცა, უშუალოდ ფაქტის წინაშე როდესაც დავდექი, გარკვეული კითხვები გამიჩნდა, ფიქრები წამომივიდა, რა იქნება, როგორ გადავიტან... მაგრამ მერე შევეცადე, ეს ემოციები გვერდზე გადამეწია, კრიტიკულად გამეანალიზებინა და დავფიქრებულიყავი იმაზე, რომ კოვიდი რომ დამემართოს, არ ვიცი, როგორ გადავიტან, მძიმე ფორმა მექნება თუ მსუბუქი, მარტივად რომ ვთქვათ, მოვკვდები თუ არა... აცრის შემთხვევაში კი ვიცი, რომ ლეტალობის თავიდან აცილება შემიძლია და ვთქვათ, რეინფიცირების შემთხვევაში ვირუსი მძიმე ფორმით არ დამემართება და მსუბუქად გადავიტან.

როგორც მე, ასევე ჩემი მეუღლე, მედიცინის მუშაკები ვართ - ის პირველ დღესვე, პირველივე საათებში აიცრა; ოჯახში გვყავს პატარა ბავშვებიც და ასაკოვნებიც, რომელთაც საკმაოდ დატვირთული ანამნეზი აქვთ. შესაბამისად, გარკვეული შიში იმასთან დაკავშირებითაც არსებობდა, რომ მათთვისაც არაფერი მიგვეტანა - ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავისთვის კი არ ავიცერით, იმისთვისაც ავიცერით, რომ ჩვენი ოჯახის წევრები და გარშემომყოფები დაგვეცვა. ჩემი არჩევანი იყო მარტივი - ვიცი, რომ აცრა არ მომკლავს, კოვიდით კი შეიძლება, მოვკვდე...

აცრის შემდეგ დამეუფლა სრულიად ახალი ემოცია - მეტი დაცულობის იმედი და მეტი სიმშვიდე გამიჩნდა. კიდევ უფრო მეტად მიხაროდა, როდესაც ჩემი მშობლები ავცერი - მე ავიცერი რამდენიმე დღით ადრე და მათთვის მაგალითი ის იყო, რომ მე არაფერი დამემართა და კიდევ უფრო გაბედულად წავიდნენ აცრაზე. ჩემი მშობლების მეგობრებიც მე დავარეგისტრირე - ჩემი მშობლების აცრა მათთვისაც მაგალითი იყო. აცრის მერე ისევ ისე ვიცავთ სიფრთხილის ზომებს, ისევ დავდივართ ნიღბებით, ისევ ისე ვცდილობთ, ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდოთ, მაგრამ ემოციურად შეიცვალა ის, რომ უფრო მშვიდად ვარ და თავს დაცულად ვგრძნობ.

რაც შეეხება მათ, ვინც აცრის გაკეთებაზე ყოყმანობს - რა კითხვებიც აცრის წინ გამიჩნდა, მათგან ბევრი მათგანი კიდევ პასუხგაუცემელია, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი რამ და შეიძლება, კიდევ უფრო მეტი არ ვიცით კოვიდის შესახებ - არ ვიცით, ის რას აკეთებს, ორგანიზმს როგორ ანგრევს, ვისთან რა შორსწასული შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ან რა დაავადების პროვოცირება მოახდინოს. ჩემთვის სრულიად გასაგებია ადამიანების შიში აცრის გამო, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ თუ რამის უნდა გვეშინოდეს, ეს კოვიდია. მესმის იმ ადამიანების, ვინც ასევე იძახის, რომ თუ გადავიტან, მარტივად გადავიტანო, რადგან მათ ირგვლივ აქვთ მაგალითი, ვინც შეიძლება, მარტივად გადაიტანა, მე კი ჩემ გარშემო მაქვს მაგალითები, როდესაც ვირუსს ადამიანების, მათ შორის, ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა.

ამიტომ, ადამიანებს, რომლებიც აცრასთან დაკავშირებით ყოყმანობენ, ვეტყოდი, რომ ისეთი გამოწვევის წინაშე ვართ, რომლის შესახებაც ბევრი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს და უბრალოდ არ ვიცით, ხვალინდელი დღე როგორი იქნება, როგორ მოიქცევა ეს ვირუსი; თუმცა, აცრით გვაქვს შესაძლებლობა, უფრო დაცულად ვიგრძნოთ თავი და ახლობლები დავიცვათ. ვურჩევდი, რომ ცოტა ხანი, ემოციები გვერდზე გადადონ და დაფიქრდნენ - შეუძლიათ, თვითონ მოიძიონ ინფორმაცია და უბრალოდ, გააანალიზონ რომელ შემთხვევაში უფრო მეტი შანსია, რომ მოკვდე... კოვიდის შემთხვევაში ალბათობა ცალსახად მეტია, ვიდრე - აცრის შემთხვევაში".

ავტორი: ეკა აბაშიძე