ვისთვის არის სასარგებლო დამტვერვით მკურნალობა და სად უნდა დაისვენონ ალერგიულმა ადამიანებმა - იმუნოლოგის რეკომენდაციები | Allnews.Ge

ვისთვის არის სასარგებლო დამტვერვით მკურნალობა და სად უნდა დაისვენონ ალერგიულმა ადამიანებმა - იმუნოლოგის რეკომენდაციები

მაისის თვე საუკეთესო პერიოდია კურორტოთერაპიისთვის - სწორედ ახლა აღწევს პიკს წიწვოვანი მცენარეების ყვავილობა და ის სამკურნალო ეფექტი, რასაც დამტვერვა იძლევა. თუმცა, როგორც მედიკოსები ამბობენ, ამ მიზნით კურორტებზე წასვლისთვის მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, აუცილებელია რეკომენდაცია ექიმისგან აიღოთ. თვითნებური გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლოა, განკურნების მაგივრად, ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესოთ.

როგორი სამკურნალო ეფექტი აქვს კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე, ვისთვის რომელი კურორტია რეკომენდირებული და როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს მთის კურორტზე დასვენებისას? - ამ საკითხებზე allnews.ge ალერგოლოგ-იმუნოლოგ ირინა მიმინოშვილს ესაუბრა.

miminoshvil-1621322259.jpg

- თუ ადამიანს ხშირად ემართება რესპირატორული დაავადებები, ზედა თუ ქვედა სასუნთქი სისტემის პრობლემები, ვირუსული ინფექციები, ბრონქიტების რეციდივები, ან ფილტვების ანთება აქვს რამდენჯერმე გადატანილი, მისთვის შესანიშნავია წიწვოვანი მცენარეების დამტვერვის თერაპია.

მარტივად და გასაგებად რომ აგიხსნათ, ვისაც სასუნთქი სისტემის პრობლემები აქვს, მათთვის მცენარის მტვერში არის ეთერზეთები, რომელიც ჰაერში აეროზოლის სახით იფრქვევა და სუნთქვის დროს ინჰალაციის მსგავს ეფექტს ახდენენ.

- რა უნდა ვიცოდეთ, სანამ დასასვენებლად წასვლას გადავწყვეტთ? რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში დამტვერვის პროცესმა?

- პირველ რიგში, კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ ალერგია, სანამ კურორტზე წასვლას გადავწყვეტთ. კონსულტაცია უნდა დავგეგმოთ ექიმთან იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ალერგიის პირველადი ნიშნები. უნდა გამოვიკვლიოთ ვართ თუ არა ალერგიული. თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ ალერგია წიწვოვანი მცენარეების მტვერზე, ამან შეიძლება არაერთი მწვავე გართულება გამოიწვიოს: ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი, ასთმის შეტევის სახით, ჭინჭრის ციება, ცხვირის გაჭედვა, ხველა, ატოპიური დერმატიტი და პოლინოზის გამწვავება. ვინც იცის, კონკრეტულად რა მცენარეზე აქვს ალერგია, აუცილებელია, მაქსიმალურად ჩაიტაროს პროფილაქტიკური მკურნალობა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდეს ნებისმიერ კურორტზე.

- როგორია ალერგიის პირველადი ნიშნები, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ შესაძლოა ალერგიული ვართ რომელიმე მცენარის მიმართ?

- ეს სიპტომებია: გამონადენი ცხვირიდან, თვალების ქავილი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვ. თუმცა, ჩვენით დასკვნის გაკეთება მაინც გაგვიჭირდება. საჭიროა, ექიმმა გამიჯნოს ალერგიული რეაქციის ნიშნებია სახეზე თუ რესპირატორული ვირუსის.

damtvervaaaa-1621322489.jpg

- ალერგიული პირებისთვის რომელი კურორტია რეკომენდირებული?

- ასეთ ადამიანებს ვურჩევდი ალპურ ზონებში დასვენებას. ეს არის ზღვის დონიდან 1 300-1 400 მეტრი სიმაღლეზე. განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვისაც ოთახის მტვერზე აქვს ალერგია და ეს საკმაოდ გავრცლებულია. ასეთ ზონებში ხეები ნაკლებად არის, ძირითადად ბალახის საფარი გვხვდება და ოთახის მტვრისთვის არასასურველი გარემოა. თუმცა, აქაც არის ერთი მაგრამ - ბალახზე არ უნდა გვქონდეს ალერგია. მოკლედ, ძალიან დიდი დაკვირვებით, ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს კურორტი. არაერთი კვლებით არის დადასტურებული, რომ მათ ვინც ალპურ ზონაში ხშირად ისვენებს, ალერგიის ხარისხი მკვეთრად უქვეითდებათ.

- რომელ კურორტს ურჩევდით მათ, ვისაც სასუნთქი გზების დაავადებები ხშირად აწუხებთ?

- ვინც ხშირად ავადობს რესპირატორული ვირუსებით, რომლებიც ალერგიიით არ არის გამოწვეული, ვურჩევდი - ცემს, ბაკურიანს, ბორჯომს და ნებისმიერ კურორტს, სადაც წიწვოვანი მცენარეებია. მინიმალური ორი კვირაა, რომ მოხდეს აკლიმატიზაციაც და სარგებელიც მივიღოთ ამ დასვენებისგან. რაც უფრო მეტ დროს დავყოფთ, მით უკეთესია. ამასთან, მცირეხნიან ეპიზოდებში ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლას, სარგებელი არ მოაქვს. სჯობს მთიან გარემოში ხანგრძლივი დრო გავატაროთ, ერთი თვე მაინც და შემდეგ ბევრად ნაკლები დროით გადავინაცვლოთ ზღვის კურორტებზე.

- გარდა ყველასათვის ცნობილი და პოპულარული კურორტებისა, რომელ ნაკლებად ცნობილ ადგილებს ურჩევთ ჩვენს მკითხველს, რომელიც სასარგებლოც იქნება ჯანმრთელობისთვის და ხელმისაწვდომიც?

- ბევრია ასეთი ადგილი. მაგალითად, სოფელი შქმერი რაჭაში. ეს არის ალპური ზონის მიკროსამყარო. ვისაც ოთახის მტვერზე აქვს ალერგია, მისთვის არჩვეულებრივია. ასევე სოფელი არდოტი ხევსურეთში. მე არ გამიგია ვინმეს ეთქვას დასასვენებლად არდოტში მივდივარ, როგორც კურორტზეო. ასევე, საგურამო არის ძალიან ეფექტური ასთმიანი ადამიანებისთვის.

ავტორი: თინათინ ზვიადაძე