რა შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში პირველი ივნისიდან
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან გახსნის. აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
"სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაშ განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. აქვე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც.
გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანდა, იაპონია, ქუეითი, ჩინეთი, სმხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი", - განაცხადა ღიბრაძემ.
კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც 1-ელი ივნისიდან შემსუბუქდება, ეხება კვების ობიექტებს - მათთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება და საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ.
ღიბრაძის თქმით, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს და ბანკეტს.
"საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს თუ სხვა“,-განაცხადა ღიბრაძემ.