"შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ჯადოსნური ადგილია" - სამი ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელსაც საქართველო რეზო გაბრიაძემ შეაყვარა და 30 წელია აქ ცხოვრობს
მერი ელენ ჩეტვინი უკვე 30 წელია, საქართველოში ცხოვრობს. მას სამმაგი მოქალაქეობა აქვს - საქართველოს, აშშ-ისა და შვეიცარიის. მისი ოჯახის წევრებიდან ზოგი შვეიცარიაში, ზოგი - ინგლისში, ზოგი კი საქართველოში ცხოვრობს. მერი ელენს რამდენიმე პროფესია აქვს - ანთროპოლოგი, მწერალი და რედაქტორია, ასევე მუშაობს ურბანული განვითარების მიმართულებით...
ჩეტვინის საქართველოთი დაინტერესება რეზო გაბრიაძის სახელს უკავშირდება. პირველად, სწორედ გაბრიაძის სპექტაკლით მოიხიბლა ჩვენი ქვეყნით, თუმცა წლების განმავლობაში სხვა ფაქტორებმაც უბიძგა მერი ელენს, საკუთარი ცხოვრება სამუდამოდ დაეკავშირებინა საქართველოსთვის.
ALLNEWS.GE-ის ის ახლა საკუთარ ისტორიას უამბობს:
- რეზო გაბრიაძე ახლახანს გარდაიცვალა, ის ჩემი მეგობარი კარგი იყო. პირველად ადრეულ 1990-იან წლებში შევხვდი, როცა შვეიცარიაში სპექტაკლი დადგა. რეზო გაბრიაძეს ყოფილ ქმართან ერთად შევხვდი და მთელი დასი ჩვენს სახლში დავპატიჟეთ. ეს იმდენად საოცარი შეხვედრა იყო, რომ საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი გაგვიჩნდა. ერთი მხრივ, მათ ბევრი გვიამბეს საქართველოზე, მეორე მხრივ კი, სპექტაკლი იმდენად საოცარი იყო, ვიფიქრეთ, ამ ქვეყანაში ალბათ ძალიან საინტერესო ადამიანები ცხოვრობენთქო.
საქართველოში ერთ გერმანელთან ერთად ჩამოვედით - იყო ინტერესი, რაჭაში ტურისტული სოფელი მოეწყოთ. ჯერ რაჭას ვეწვიეთ და ჩვენმა მეგობრებმა იმ სოფლებში წაგვიყვანეს, რომლებსაც ჰქონდათ პოტენციალი, ტურიზმის ცენტრად ქცეულიყვნენ. სამწუხაროდ, ის პერიოდი საქართველოსთვის რთული იყო - ყველა ერთმანეთს ესროდა და ბიზნესის დაწყება სარისკო იყო, შესაბამისად, გერმანელებმა პროექტზე უარი თქვეს. თუმცა, მე უკვე დაინტერესებული ვიყავი გარემოს დაცვის პროექტებით - მაშინ ერთ-ერთი საერთაშორისო საინფორმაციო გამოცემის რედაქტორი ვიყავი და მგლებთან დაკავშირებული საკითხებით მაინტერესებდა.
დავინტერესდი, რა სიტუაცია იყო საქართველოში მგლებთან და დათვებთან დაკავშირებით და ქართულ სოფლებში ინტერვიუები ავიღე რამდენიმე ადამიანისგან, მოვინახულე ზოოპარკი და ვესაუბრე მათ, ვინც მგლებთან მუშაობდა. იმ დროისთვის ზოოპარკში საშინელი სიტუაცია იყო, კორუფცია მძვინვარებდა, დირექტორი ფულს იღებდა, ცხოველები იხოცებოდნენ, ერთ ცხოველს მეორეს აჭმევდნენ და ა.შ. ეს კოშმარივით იყო. ადამიანების ჯგუფთან ერთად, ვინც საქართველოში ცოცხალი ბუნებით იყო დაინტერესებული, ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოებას დავუკავშირდით - ისინი პირდაპირ თბილისში ჩამოვიდნენ, რათა ზოოპარკში ამ სიტუაციისთვის წერტილი დაესვათ. შევხვდით პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომელიც დაგვპირდა, რომ ზოოპარკის რეორგანიზება მოხდებოდა.
უკვე 30 წელი გავიდა, რაც საქართველოში პირველად ჩამოვედი. ამ პერიოდში ბევრსაც ვმოგზაურობდი და საქართველო ძალიან კარგია იმ კუთხით, რომ ეს ცენტრალური ადგილია, საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც ვმუშაობდი, უფლებას მაძლევდნენ, თბილისში მეცხოვრა და მემუშავა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისა თუ შუა და ცენტრალური აზიისთვის. აქედან გამომდინარე, თბილისიდან ამ ადგილებში მარტივად ვმოგზაურობდი, თუმცა აქ ვცხოვრობდი - ეს უპირატესობა ჰქონდა თბილისს.
- როგორც ვიცი, პატარა მეურნეობაც გაქვთ...
- ჩემი ბაბუა ფერმერი იყო, მამაჩემი - იურისტი, თუმცა ბაბუაჩემს ფერმაში ეხმარებოდა. შესაბამისად, ახლო კავშირი მაქვს ფერმერობასთან. უფრო ურბანული აგროკულტურით ვარ დაინტერესებული, მაგალითად, სკოლებში არსებული ბაღებით და ა.შ. საკუთარი ბიზნესი არ მაქვს, ყოველთვის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ვმუშაობდი, ასევე, ადგილობრივ ორგანიზაციებს ვუწევ კონსულტაციას.
ამჟამად ლექტორიც ვარ, საქართველოში რამდენიმე უნივერსიტეტში ვასწავლიდი. როცა მასწავლებლის ხარისხი მივიღე, ვფიქრობდი, რომ მასწავლებელი ან ლექტორი ვიქნებოდი, მაგრამ შემდეგ სხვა პროფესიებითაც დავინტერესდი და დროთა განმავლობაში ყველა ინტერესის მიმართულებით გავაგრძელე საქმიანობა. როცა ვმუშაობდი, ამ ყველაფერზე წერითაც დავინტერესდი. ამის გამოა, რომ მწერლობის და რედაქტორობის პროფესიების მიმართულებითაც წავედი.
ბოლო პერიოდში ფიქციის წერაც დავიწყე - რამდენიმე ასეთი ისტორია დავწერე და გამოვაქვეყნე. მანამდე არა ფიქციას, არამედ, უფრო აკადემიურ ნაშრომებს ვწერდი.
- უკვე ძალიან კარგად იცნობთ საქართველოს... ყველაზე მეტად, აქაურ კულტურასა თუ ადამიანებში, რამ მოგხიბლათ?
- თუ გაბრიაძის თეატრი გინახავთ, გაიგებთ, რას ვგრძნობ და რა მხიბლავს აქ. რეზო გაბრიაძემ მოახერხა, ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რა არის განსხვავებული საქართველოში - სწორედ ეს შეგრძნება მაქვს, თითქოს, ეს ჯადოსნური ადგილია. რა თქმა უნდა, საქართველოში ყოველდღიური პრობლემები არსებობს და მაგიაც ყოველდღიური არ არის, არ მინდა, გადაჭარბებულად ოპტიმისტურად ვისაუბრო. არსებობს პრობლემები, სიძნელეები, რაც უნდა შეიცვალოს, მაგალითად, ინკლუზიურობის, ქალთა უფლებების, LGBT უფლებების კუთხით. მაქვს სურვილი, მათ მოგვარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
ასე რომ, ის ფაქტი, რომ რაღაცების კეთება მიწევს, მიბიძგებს, აქ დავრჩე - ეს არ არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი გაკეთებულია, ყველაფერი დალაგებული და ორგანიზებულია, აქ მომწონს რაღაცების კეთება და ამიტომ მომწონს საქართველო. ამასთან, აქ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, ისინი ძირითადად, ძალიან გახსნილები არიან და შესაბამისად, აქ ყოფნა ამიტომაცაა სასიამოვნო. ასევე ესთეტიკური კუთხით - ძალიან მომწონს ხელოვნება საქართველოში, მუსიკა და ა.შ.
- სოციალური პრობლემები ახსენეთ. საინტერესოა, მეორე მხრივ, გაინტერესებთ თუ არა აქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები?
- მამაჩემი პოლიტიკაში იყო და რა თქმა უნდა, პოლიტიკით დაინტერესებული ვარ. დოქტორის ხარისხი მაქვს ანთროპოლოგიაში და ყველაფერი მაინტერესებს, რაც ადამიანების ცხოვრებას შეეხება - იქნება ეს საჭმელზე და ჭამაზე, თუ იმაზე, როგორ იქცევიან ადამიანები, როგორი განათლება აქვთ და ა.შ. პოლიტიკა საზოგადოების მოწყობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. როგორც იცით, ამერიკაში, წინა პრეზიდენტის დროს სიტუაცია ძალიან პოლარიზებული იყო, სხვა ქვეყნებშიც ხდება ხოლმე მსგავსი პოლარიზაცია და ძალიან მნიშვნელოვანია ის ორგანიზების ფორმა, რაც ადამიანებს მსგავსი პოლარიზაციიდან გამოსვლისთვის აქვთ. ვფიქრობ, საქართველო თანდათანობით სწორედ ამას აკეთებს.
- ალბათ, გქონიათ შეხება ისეთ ადამიანებთან რომელთაც აქვთ განწყობა, რომ - "ქართველებმა საკუთარ საქმეს უნდა მიხედონ, უცხოელებმა კი - თავისას", სხვები კი ისწრაფვიან, ქვეყანა განვითარებული დასავლეთის ნაწილი იყოს და უცხოელებისგან რჩევების მიღებას არ უკადრისობენ. ერთი მხრივ, როგორ უპასუხებდით პირველ კატეგორიას და მეორე მხრივ, რა რჩევას მისცემდით მეორეს?
- ეს ძალიან სერიოზული კითხვაა. მე საქართველოში ყველანაირი მეგობარი მყავს, ყველა მათგანს თავისი მოსაზრებები აქვს, თუ საიდან მოდის ტრადიციები, როგორი უნდა იყოს ისინი და ა.შ. ეს ძალიან საინტერესოა. ასევე, არსებობს საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა, რომელიც ჯერ კიდევ არის უფრო ძველი თაობის წარმომადგენლების გონებაში.
ჩემს შემთხვევაში ასეა, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ ვიღაც ამბობს, რომ მე ამერიკელი ან შვეიცარიელი ვარ. "ქართველის" ძველებური გაგება იყო ასეთი - ერთი, რომ ქართველის ოჯახში დაიბადე, მეორე, რომ საქართველოში დაიბადე და მესამე, რომ გამართულად საუბრობ ქართულად. ზოგი ადამიანი ახლაც ფიქრობს, რომ მთელი იდეა ამაში მდგომარეობს. მაგალითად, ჩემი მეგობრები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, მარნეულსა თუ აჭარაში, თავს ქართველებად გრძნობენ, მაგრამ აქვთ განცდა, თითქოს გარიყულები არიან, გარკვეული მიზეზების გამო.
თუმცა, ახლა ვხედავ, რომ ახალგაზრდებში ეს მძიმე მემკვიდრეობა ძლიერად აღარაა, როგორც მათ წინა თაობებში. შესაბამისად, ჩემი აზრით, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ყველაფერი ევროპას მიუახლოვდება, თანდათანობით ადამიანები მეტად გაითავისებენ სხვადასხვა კუთხით განსხვავებული ადამიანების მიღების აუცილებლობას. მსგავსი პრობლემები აშშ-საც აქვს, იქ რა ხანია რასიზმთან ბრძოლას ცდილობენ. მე ალაბამაში დავიბადე, რომელიც აშშ-ში ყველაზე რასისტული ნაწილი იყო და იმ მენტალიტეტით გავიზარდე, რაც ჩემს წინა თაობებს მიაჩნდათ სწორად, მერე კი მთელი ჩემი გონების შეცვლა მომიწია... ამიტომ კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს, როდესაც გეუბნებიან: "ეს ასეა მიღებული“, "ადამიანები ღმერთმა ასეთებად და ასეთებად შექმნა" და ა.შ. თუმცა, როცა ბავშვები იზრდებიან, ისინი დამოუკიდებლად იწყებენ აზროვნებას და ვფიქრობ, ეს ცვლილებები საქართველოში ახალ თაობებში ხდება.
ავტორი: ეკა აბაშიძე