
საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ განსხვავებული ეროვნებისა თუ რელიგიის მქონე ადამიანები. ქვეყანაში ეთნიკური თუ რელიგიური სიჭრელე უჩვეულო ფაქტს ნამდვილად არ წამოადგენდა.
საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრებამ კულტურული მრავალფეროვნება და საინტერესო გამოცდილებები დააგროვა. საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდ რელიგიურ უმცირესობას მუსლიმები წარმოადგენენ, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ.
ALLNEWS დაინტერესდა თუ როგორია დღესდღეობით საქართველოში მუსლიმების ცხოვრება, რა პრობლემები აქვთ მათ და რამდენად გრძნობენ თავს ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად. კითხვებზე პასუხის გასაცემად სოლიდარობის თემის თანადამფუძნებელს ზაზა მიქელაძეს დავუკავშირდით.
-ზაზა მოგესალმებით, რა გამოწვევები აქვს მუსლიმ თემს საქართველოში? თქვენი აზრით, საიდან მომდინარეობს ეს გამოწვევები?
-მოგესალმებით, საქართველოში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს განსხვავებული ჯგუფების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება, რაც არაერთ სტერეოტიპსა თუ სტიგმას ეფუძნება და შემდგომ არტიკულირდება სახელმწიფო პოლიტიკის დისკურსში. რელიგიური უმცირესობები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და გარიყული ჯგუფია საქართველოში. გამონაკლისს არც მუსლიმი თემი წარმოადგენს. ეს უკანასკნელი არაერთგვაროვანია ეთნიკური და დენომინაციური თვალსაზრისითაც (შიიტები და სუნიტები). შესაბამისად, ერთსახოვანი მიდგომით ამის განხილვა არ იქნება სწორი.
ამ ეტაპზე ძირითად ყურადღებას ეთნიკურად ქართველ მუსლიმებზე გავამახვილებთ, რომელიც თავისი სპეციფიკური პრობლემატიკითა თუ კონტექსტუალური შინაარსით გამოირჩევა. ეთნიკურად ქართველი მუსლიმები ისლამის სუნიტური მიმართულების ჰანეფიტურ დენომინაციას წარმოადგენენ, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში.
ყველა აღნიშნულ რეგიონში მრავალნაირი სახის პრობლემა არსებობს, თუმცა, მეტი თვალსაჩინოებისათვის შეგვიძლია უფრო კონკრეტულ საკითხებამდე დავიყვანოთ და შევეცადოთ გავაერთიანოთ. ინტეგრაციის, თვითდამკვიდრების, რელიგიური თავისუფლების უფლების რეალიზების, საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული სამლოცველოების დაბრუნების, გაუცხოების, პოლიტიკური თანამონაწილეობის დაბალი ხარისხის, სახელმწიფოს მხრიდან საფრთხედ მონიშვნის, უხილავობისა და მიჩქმალვის მცდელობის გამოწვევები განსაკუთრებით დგას მუსლიმი თემის ცხოვრებაში. შევეცდები თითოეული საკითხი უფრო მეტად გავშალო.
ინტეგრაცია;
საქართველოს მოსახლეობის უკანასკნელი საყოველთაო აღწერის მიხედვით ოფიციალურად დაახლოებით 11 %-ს მუსლიმი რელიგიური უმცირესობა წარმოადგენს. რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ეთნიკურად ქართველი მუსლიმების პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას ვცდილობთ, რთულია სტატისტიკურად ამ ეთნო-რელიგიური ჯგუფის ცალკე სტატისტიკური მონაცემების განსაზღვრა, რადგან 11%-ში საქართველოს ყველა მუსლიმი მოქალაქე მოიაზრება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოთხი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობიდან დღემდე ინტეგრაციის ნაცვლად ქრისტიანიზაციის პოლიტიკა წარიმართა, სადაც სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად მოქმედებდნენ აჭარაში და მის ფარგლებს მიღმა მცხოვრები მუსლიმი ქართველების მიმართ, «წინაპართა რჯულზე» დაბრუნების კამპანიას აწარმოებდნენ და მისიონერულ საქმიანობაში ხელისუფლების წარმომადგენლები გუბერნატორის თუ მუნიციპალიტეტის მთავრობებიც გვევლინებოდნენ, სკოლის მასწავლებლებთან ერთად. ამ ყველაფრის წარმოსაჩენად მასობრივ ნათლობებს ატარებდნენ ბათუმსა თუ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. პირველი ასეთი აქტი 1989 წელს ქედაში, სოფელ ზვარეში მოხდა.
ვერ დასაქმდებოდა მუსლიმად საჯაროდ იდენტიფიცირებული ადამიანი, მანამ სანამ ის არ მოინათლებოდა ან ორმაგი ცხოვრებით ცხოვრებას არ დაიწყებდა, გარეთ იქნებოდა ქრისტიანი, ხოლო სახლში ის მუსლიმობას შეინარჩუნებდა, რამაც საბოლოოდ, მრავალ სხვა მიზეზთან ერთად, სირცხვილის კომპლექსი შექმნა. ამას ემატება ქართველობის ვიწრო ეთნო-კომფესიური აღქმა და იგი საჯარო პოლიტიკური თუ საგანმანათლებლო საქმიანობის მთავარ რიტორიკულ ღერძად იქცა. ხშირად, აჭარის რეალობაში ეს კიდევ უფრო ძლიერი იყო. ჩამორჩენილად, მტრის გადმონაშთად მონიშვნა და ხილვადი სივრცისგან კომპლექსურმა გარიყვამ არ დატოვა შესაძლებლობა ინტეგრაცია წარმატებით განხორციელებულიყო და ნაცვლად სიღრმისეული ანალიზისა მითოზირებულ პოლიტიკურ ხედვებს ეფუძნებოდა აჭარის მიმართ სახელმწიფოებრივი ხედვა. ამ ფონზე მუსლიმების მიმართ კიდევ უფრო სტიგმატიზირებული და სტერეოტიპული დამოკიდებულება მივიღეთ, რამაც საზოგადოებაზე ინტეგრაციის ხელშეწყობის, თანასწორობის უზრუნველყოფის ნაცვლად მარგინალიზებისა და გარიყვის პრაქტიკები შექმნა. ეს პროცესი ისევ გრძელდება.
თვითდამკვიდრება;
აჭარიდან მუსლიმების მიგრაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მე-19 საუკუნიდან იწყება, როდესაც ხულოდან გურიაში, სოფელ ზოტში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გადასახლდა, თუმცა ეს პროცესი დღემდე აქტიურ ფაზაშია. შესაბამისად, მივიღეთ ქართველი მუსლიმებით დასახლებული ახალი სივრცეები გურიაში, სამცხეთ-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში. მიგრაციის ძირითადი მიზეზი ეკოლოგიური პრობლემები იყო, სოციალურ პრობლემებთან ერთად. ხშირად მიგრირებული მოსახლეობის ეს ნაწილი მოიხსენიება როგორც ეკომიგრანტები აჭარიდან. მოგეხსენებათ, რომ ახალ სივრცეში ცხოვრება თვითდამკვიდრებას საჭიროებს და სწორედ ამ თვალსაზრისით სხვადასხვა რეგიონში სპეციფიკურმა გამოწვევებმა იჩინა თავი.
მიუხედავად მრავალწლიანი თანაცხოვრებისა და ყოფით დონეზე კეთილმეზობლური ურთიერთობებისა ეკომიგრანტებსა და დამხვედრ მოსახლეობას შორის რელიგიური იდენტობის ფაქტორის გათვალისწინებით ხშირად პრობლემები იჩენს თავს. ეს ისახება მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების დამოკიდებულებასა თუ მოქალაქეების ამ ნაწილის საჭიროებების შეუმჩნევლობაშიც. პრაქტიკულად ადგილობრივი თვითმმართველობები გრძელვადიანი მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ნდობის მშენებლობის მიმართულებით სრულიად უსუსურები აღმოჩდნენ. უამრავი პრობლემა გაჩნდა მიწების თუ საცხოვრებელი სახლების რეგისტრაციის მიმართულებით. ეს საკითხი განსაკუთრებით დგას წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს.
ზემოთ აღნიშნული გამოწვევების ფონზე ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა. 2011 წელს ციხისძირში სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები რამდენიმე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჯვარი არ ეკეთათ და ქრისტიანები არ იყვნენ. ამას მოჰყვა ქობულეთში მუსლიმურ სასწავლებელზე ღორის თავის მიკვრა, ნიგვზიანის, წინწყაროს, სამთაწყაროს დაპირისპირებები მეჩეთის მშენებლობის საწინააღმდეგოდ, მოხეს ისტორიული მეჩეთის არგადაცემა მუსლიმ მრევლზე, სოფელ ადიგენის სასაფლაოს შესახებ დაპირისპირება, სახელმწიფოს მიერ სოფელ ჭელას მინარეთის ვერტმფრენით მოტაცება, გურიაში, სოფელ ბუკნარში სამლოცველოს წინააღმდეგ დაწყებული დაპირისპირება. ამათგან თითქმის არცერთ საკითხზე არავის სამართლებრივი პასუხი არ უგია და დაუსჯელობა ახალისებს ყოველ შემდგომ მოძალადეობრივ ინტერესთა ჯგუფებს თუ ინდივიდს.
-რა არის სოლიდარობის თემი? რატომ შეიქმნა? რა არის მისი მთავარი მისია?
-სოლიდარობის თემი არის რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე ახალგაზრდების მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ის არ არის რელიგიური ორგანიზაცია და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დასაყრდენს ადამიანის უფლებები წარმოადგენს. დამფუძნებლები გრძნობდნენ რა მსგავსი გაერთიანების საჭიროებას, გადაწყვიტეს, რომ უკვე პრაქტიკული საქმიანობის დაწყება იყო მნიშვნელოვანი და მისცეს ორგანიზაციული სახე.
თითოეულ მათგანს სხვადასხვა ფორმით სამოქალაქო აქტივისტური გამოცდილება ჰქონდა. სოლიდარობის თემი ძირითადად ფოკუსირებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და აჭარიდან გადასახლებული ეკომიგრანტებით დასახლებულ რეგიონებზე. მისიები და პრიორიტეტები, რომელიც ამ ორგანიზაციის იდეაში არსებობს გახდა მიზეზი მისი შექმნისა და განისაზღვრა სამოქმედო-სტრატეგიული გეგმა თუ როგორ შეიძლება დამფუძნებელთა მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულიყო. ორგანიზაციის სახელწოდებიდან გამომდინარე, მის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მისიას სოლიდარობის პრაქტიკის კულტურის განვითარება, მოქალაქეთა შორის ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული თანაცხოვრების და თანამშრომლობის ხელშეწყობის პრაქტიკების შექმნა წარმოადგენს. ჩვენ გვესმის, რომ თუ განსხვავებულ საზოგადოებრივ ელემენტებს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა არ ექნებათ, ადამიანის უფლებების დაცვა, თანასწორობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მხოლოდ ფრაგმენტირებული და ფასადური იქნება. სწორედ ამის გამო დავსახეთ რამდენიმე პრიორიტეტი და საქმიანობის მიმართულება:
- რა ცვლილების მოხდენას ცდილობს თემი?
სოლიდარობის თემი ცდილობს შექმნას თვითორგანიზების პრაქტიკა, ხელი შეუწყოს მსგავს წამოწყებებს რეგიონში და დაიწყოს შიდათემობრივი ტრანსფორმაციისა თუ სამოქალაქო საქმიანობაში დემოკრატიული ჩართულობის პროცესი. სოლიდარობის პრაქტიკის შექმნით, რომელიც დაიწყო საქართველოს ეთნიკური უმცირესობების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებით «ჩენი მოქალაქე დიასპორა არ არის» კამპანიაში ჩართვით, როცა სახელმწიფომ პარლამენტში დიასპორის კომიტეტის კომპეტენციაში გადაიტანა საქართველოს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები, გამოვჩნდით და გავაგრძელეთ ბათუმის თავისუფლების მეჩეთის მხარდამჭერი კამპანიით. აქტიურად ჩავერთეთ 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებულ ღირსების მარსში და ღიად გავაკრიტიკეთ რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის მუსლიმთა სამმართველოს ჰომოფობიური და შესაძლო ძალადობის წამხალისებელი საჯარო განცხადებები, ამ უკანასკნელმა ჩვენი კომუნიკაციის შემდეგ საკუთარი პოსტი წაშალა, თუმცა ჩვენს მიერ ამ ფაქტის გახმოვანების შემდეგ ხელმეორედ დააბრუნეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს ზეწოლით. დღემდე რეგიონულ დონეზე რელიგიური უმცირესობების და ქვიარ თემის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება არცერთ ორგანიზაციას არ აქვს.
ამ მიმართულებით სოლიდარობის თემი პრაქტიკულად პიონერია. სწორედ, ყველაზე მარგინალიზებული საკითხების ერთმანეთთან კომბინაციით გვაქვს სურვილი შევქმნათ სოლიდარობის რეალური პრაქტიკები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები დავაფუძნოთ ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციურ სამართლებრივ ჩარჩოს და მისი მეშვეობით თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვა გულისხმობს ყველას უფლების დაცვას, შესაბამისად თუ საზოგადოების ყველა რგოლი არ იქნება ერთმანეთის მიმართ სოლიდარული, არ აღიარებს ურთიერთ საჭიროებას და არსებობას, ხვალ შესაძლოა გვერდზე გამდგარი და მიზანმიმართულად ყურებდახშული ჯგუფი ან თემი აღმოჩნდეს იგივე უსამართლობის მსხვერპლი.
სწორედ ამის გარღვევა გვსურს. რადგან ჩვენს სამიზნე ჯგუფს მუსლიმებიც წარმოადგენენ, მიგვაჩნია, რომ ამ თემში შიდა ტრანსფორმაციული პროცესების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. რელიგიური თავისუფლების ხელყოფის შემთხვევისას, მხოლოდ მუსლიმები ან რელიგიური საზოგადოების წარმომადგენლების კი არა, არამედ ნებისმიერი მოქალაქის ხმა ისმოდეს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველისა. სამიზნე აუდიტორიასთან, რომელთანაც სოლიდარობის თემის წევრებს სხვადასხვა ფორმატში მუშაობის გამოცდილება გვაქვს, იძლევა შესაძლებლობას უფრო ეფექტიანად მათთან მიტანისა, ჰორიზონტალური პროცესების შექმნისა და თვითრეფლექსირებით, ჯანსაღი პროცესების წარმართისა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის და ერთიანობის მშენებლობაში ქართველმა მუსლიმებმა მნიშნელოვანი როლი შეასრულეს. სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, მემედ აბაშიძის, ჰეიდარ აბაშიძის, ყადირ შერვაშიძის და სხვების მეოხებით ინტეგრაციისა და ფედერაციული პრინციპით საქართველოს პოლიტიკური მოწყობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
ქართველ მუსლიმებს, მემედ აბაშიძეს ესმოდა რა თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკური რეალობის შექმნა, ის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ეთნოსთა შორისი ურთიერთობების დალაგების პროცესში. სამწუხაროდ, საგანმანათლებლო ისტორიოგრაფიაში ამ კონკრეტული საკითხებისადმი მინიმალური ინფორმაციაც არ არის და ცოდნა მუსლიმი ქართველი საზოგადო მოღვაწეების მიმართ მკვეთრად გაუცხოებულია. ხშირად ვაწყდებით ამ ადამიანების ქრისტიანიზებულ ვერსიებს, განსაკუთრებით სელიმ და შერიფ ხიმშიაშვილებთან დაკავშირებით. ასევე, მემედ აბაშიძის შემთხვევაში მისი მნიშვნელოვანი იდენტობის ნაწილი მთლიანად იგნორირებული ან დაფარულია. ინტეგრაციისა და ღირსეული აღიარებისათვის მნიშნელოვანია შეიქნმას მეტი ცოდნა და დაინერგოს საგანმანათლებლო სისტემაში საზოგადოების ამ ნაწილის შესახებ.
16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, საქართელოს სახალხო დამცველმა და მასთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის „სოლიდარობის თემს“ მიანიჭა ტოლერანტობის ქომაგის წოდება.