"ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში გადადიან საცხოვრებლად და ეს არ მიკვირს" - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე
"გთხოვთ, როგორმე შეაჩერეთ ფასების არარეალური ზრდა, თორემ მე და ჩემს შვილებს ულიმიტო დიეტაზე მოგვიწევს ყოფნა", - ამ სიტყვებით მიმართავს ფატიმა ბჟანია აფხაზეთის ე.წ.ხელმძღვანელობას. მის თხოვნა-მიმართვას უამრავი ადამიანი უერთდება. ნაწილი კატასტროფულად გაზრდილი ფასების გამო აქციების გამართვას და შესაბამისი "მონიტორინგის სამსახურის" შექმნას ითხოვს, რომელიც ფასებს გააკონტროლებს.
ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ქრისტინა ოზგანის თქმით, სურსათის მარაგი არსებობს და არც პანიკის საფუძველია. abkhaz-auto.ru-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან ეს საკითხი რუსეთის ფედერაციაში ძალიან სერიოზულად კონტროლდება და როგორც ხედავთ, აფხაზეთთან, როგორც მეგობარ ქვეყანასთან მსგავსი რამ გამორიცხულია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სურსათის შემოტანის პროცესს, ისე, რომ მარაგები არ ამოიწუროს, გავაკოტროლებთ", - აცხადებს ოზგანი.
მისივე თქმით, რაც შეეხება, ფასებს ზრდას, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ასევე, "რუსეთის მიმართ არსებული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ეს გარდაუვალია. აფხაზეთში კი, აბსოლუტურად ყველაფერი იმპორტირებულია, ამიტომ, ფასებიც გაიზარდა", - აღნიშნა მან.
"მინისტრის" განცხადება ადგილობრივებმა პროდუქტებზე ფასების კიდევ უფრო ზრდის მანიშნებლად მიიჩნიეს. სოხუმელი ლელა ჭანია წერს, რომ "ხალხი ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების დროს სჭირდება. ყველა მაღალჩინოსანს ბიზნესი აქვს და მათ შემოსავლებს ფასების მატება არ შეეტყობათ... მაღაზიებსა და აფთიაქებში ფასები არაფერს აწერია, მხოლოდ დაანგარიშების დროს იგებ რამდენი გაქვს გადასახდელი, ამას მოლარე თავად წყვეტს და თუ აღშფოთდი, გაოცებული გიყურებს, - არ იცით მსოფლიოში რა ხდება?!. ჯობია ამ ფასში იყიდოთ, მალე ყველაფერი კიდევ უფრო გაძვირდებაო. არადა, დოლარის ფასი დაეცა, რუბლმა იმატა, მაგრამ ფასები მაინც მატულობს. ბარემ პირდაპირ გვითხარით, აქედან წადითო", - ამბობს ლია შანავა.