"ნახეთ ჩვენი ბიჭების ეკიპირება? ყანაში სამუშაოდ გასულებს ჰგვანან..." - ვინ იტყუებს აფხაზებს ომში და რატომ აკრიტიკებენ სოხუმელები დონბასელ ლტოლვილებს?
დონბასის ომის მონაწილემ, თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირმა, ახრა ავიძბამ აფხაზეთიდან მოხალისეთა ახალი ჯგუფი წაიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ. რეგიონის მოსახლეობის ნაწილი მათ გმირებს უწოდებთ, სხვების თქმით, ისინი ავიძბამ თავის კვალს გაუყენა და ფულზე გაყიდულ მეომრებად აქცია.
კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ასლან ბჟანიას თანაშემწედ დაინიშნა, თუმცა მუდმივი დარღვევების, ხულიგნობისა და ბჟანია-ანქვაბის გუნდის წინააღმდეგ წასვლის გამო მალე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევებშიც იყარა კენჭი, მაგრამ ძალიან მცირე მხარდაჭერა მიიღო...
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, აფხაზეთში ეტაპობრივად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საომრად წასასვლელ მოხალისეებს სწორედ ავიძბა აგროვებდა.
რამდენიმე დღის წინ ria.ru-თან საუბარში ავიძბა ამბობს, რომ უკრაინელებისთვის ევროპის მხრიდან მიწოდებული საბრძოლო არსენალი ამოიწურა და უკრაინას, ფაქტობრივად, რამდენიმე საათი დარჩა.
გამოცემა ავიძბას მოხალისეთა ლეგენდარულ ბატალიონ "პიატნაშკას" მეომრად მოიხსენიებს.
"ის საბჭოთა შეიარაღება, რომელსაც ევროპა ფლობდა, უკვე გადასცეს უკრაინას და ახლა ნატოს სტანდარტებზე გადავიდნენ... უკრაინამ კი ეს შეიარაღება ან არაეფექტურად გამოიყენა, ან საბრძოლის ველზე დაკარგეს" - ამბობს აფხაზი ავიძბა.
ამავდროულად, ავიძბამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, სადაც ე.წ. ბაიკერების კლუბის, "ღამის მგლების" ლიდერთან ალექსანდრე ზალდასტანოვთან ერთად არის გადაღებული.