ცნობილი რუსი მსახიობები და მომღერლები, რომლებიც პუტინს ღიად დაუპირისპირდნენ: ვინ როგორ აპროტესტებს კრემლის პოლიტიკას
ორ თვეზე მეტია, რაც უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის. ომში ჩართულია არაერთი ცნობილი უკრაინელი ვარსკვლავი, ბევრი მათგანი ფრონტის ხაზზე, იარაღით ხელში იბრძვის. ნაწილი მოხალისედ, მუშაობს ან საკონცერტო ტურნეს ფარგლებში თანხას აგროვებს ომით დაზარალებულთა დასახმარებლად.
ამ დროს რუსეთში მოღვაწე უკრაინელი მომღერლების ნაწილმა პუტინის მხარე დაიჭირა, რის შემდეგაც ისინი სამშობლოში მოღალატეებად გამოაცხადეს. მათ შორის იყვნენ ნატაშა კარალიოვა, სტას ბონდარენკო, ლოლიტა და სხვები.
აღსანიშნავია, რომ არიან რუსი ვარსკვლავები, რომლებმაც ღიად გამოუცხადეს უკრაინას მხარდაჭერა და ე.წ. სპეციალურ სამაშველო ოპერაციას, რეალური სახელი - სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინელი ხალხის გენოციდი უწოდეს.
ვნახოთ, ვინ არიან პოპულარული რუსები, რომლებიც პუტინის დამპყრობლურ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან:
ანდრეი მაკარევიჩი
რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი 2014 წლიდან გმობს პუტინის რეჟიმს და ომს უკრაინაში. მას არაერთხელ უთქვამს, რომ "უკრაინის გამო სული სტკივა", რადგან მას მშობლიურად თვლის.
ლია ახეჯაკოვა
მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ არაერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინას რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომში. მისი თქმით, უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ დამპყრობლების ტყვიებისგან, რომლებიც პუტინმა მათ დაუმიზნა. იგი ასევე მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის და ამბობს, რომ მისი წყალობით უკრაინა გადარჩება.
მაქსიმ გალკინი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეს, მაქსიმ გალკინმა ომი დაგმო. ვინაიდან რუსეთში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში მოუწია გადასვლა, რათა როგორმე თავი დაეცვა. გალკინი თავისი პოზიციის გამო სამშობლოში "აკრძალეს“, მაგრამ არ ნანობს. შოუმენმა ისრაელში კონცერტები უკვე დააანონსა და თანხის ნაწილს უკრაინელ ლტოლვილებს გადასცემს.