რომელ მეტროსადგურებში მოეწყობა დამატებითი ამოსასვლელები? | Allnews.Ge

რომელ მეტროსადგურებში მოეწყობა დამატებითი ამოსასვლელები?

მეტროსადგურების - „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“ ტერიტორიაზე დამატებითი ამოსასვლელები მოეწყობა.

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც 12 მეტროსადგურისთვის. ესენია: „ღრმაღელე“, „ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „დელისი“, „დიდუბე“ და „ახმეტელის თეატრი“.

კალაძის ინფორმაციით, პროექტის - „ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში, დაახლოებით, 16 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება.

„აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პროექტი „ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 მლნ აშშ დოლარია. პროექტი მოიცავს თბილისის ოთხ მეტროსადგურზე - „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მისაწვდომობის გაზრდას; კერძოდ, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის. ესენია: „ღრმაღელე“, „ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „დელისი“, „დიდუბე“ და „ახმეტელის თეატრი“. ამასთანავე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად, მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური დიზაინის მომზადებაზე შესაბამისი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

„ამჟამად, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნულ მომსახურებაში იგულისხმება მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური დიზაინის მომზადება. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა გამოცხადდა 2022 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო ინტერესთა გამოხატვის ეტაპი დასრულდა 2022 წლის 11 ნოემბერს. ამჟამად, მიმდინარეობს იმ კომპანიების შეფასება, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს. გადარჩეულ კომპანიებს შორის ჩატარდება კონკურსი. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი სავარაუდოდ, მაისში გაფორმდება. ტექნიკური დავალების თანახმად, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ვადა 10 თვეა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, თბილისის მერმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებისას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.