28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ჩეხეთის დედაქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენციას უმასპინძლა | Allnews.Ge

ჩეხეთის დედაქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენციას უმასპინძლა

გასულ კვირას, პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ევროკომისიასთან და რადიო თავისუფლებასთან ერთად, ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გაუწია.

ჩეხეთის საგარეო უწყებაში - ჩერნინის სასახლეში - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: უკრაინიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მედიის ასამდე წარმომადგენელმა მოიყარა თავი. კონფერენციას დევნილობაში მყოფი ბელარუსი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ბელარუსის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა. რაც შეეხება საქართველოს, ღონისძიებას 7 ქართველი ჟურნალისტი, მედია მენეჯერი, მედია მკვლევარი და მთავარი რედაქტორი ესწრებოდა.

media-confer-0112-1670670494.2022_0067_web.jpg

ორდღიანი კონფერენციის თემა მედეგობა იყო. მონაწილეებმა პრაქტიკული მაგალითები განიხილეს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს დამოუკიდებელი მედიისა და პროფესიონალური ჟურნალისტიკის მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე, წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მედია პოლიტიკა, პროგრამები და სტრატეგიები.

media-confer-0112-1670670935.2022_0365_web.jpg

ღონისძიებას მაღალი რანგის პირები ესწრებოდნენ, კერძოდ: ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაროსლავ კურფურსტი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა ჟუროვა, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელი ლორენს მერედიტი, რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეიმი ფლაი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” (CPJ) პრეზიდენტი ჯოდი გინსბერგი. ამასთან, დამსწრეებს კიევიდან, ტელეხიდით მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ემინე ჯაფაროვამ.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იაროსლავ კურფურსტი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იაროსლავ კურფურსტმა, მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ პრაღაში გამართული კონფერენცია ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის სამი დიდი პრიორიტეტის - მედეგობის, მედიის თავისუფლებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის - შერწყმაა. მანვე მედიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ფუნქციური დემოკრატიის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენენ.

„მე პირადად, გულწრფელად აღტაცებული ვარ თქვენი საქმიანობით და ყველაფრით, რასაც აკეთებთ“, - მიმართა მინისტრის მოადგილემ კონფერენციაზე შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს.

გარდა ამისა, ჩეხმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი ყოველთვის ძლიერად უსვამდა ხაზს მედიის თავისუფლებისა და პროფესიონალური ჟურნალისტიკის როლს, რის გამოც მრავალი წელია, რაც ჩეხეთის საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებითაა ფოკუსირებული და რესპუბლიკის მთავრობა ბევრ ტრანსფორმაციულ მედია პროექტს ახორციელებს.

„მედია ძალიან მნიშვნელოვანია. მედიის მეშვეობით ჩვენ ვიგებთ რა ხდება მსოფლიოში. ის აყალიბებს ჩვენს წარმოსახვის უნარს. ის ქმნის ჩვენს შინაგან სამყაროს. ჩვენ ვცხოვრობთ ფრიად განსაკუთრებულ დროს, სადაც ვხედავთ პროპაგანდისტების აღზევებას, ასევე, ვხედავთ ტექნოლოგიებს, რომლებიც ცვლიან მედია ლანდშაფტს“, - თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

poto-kolazhistvis-5-1670670957.jpg

სიტყვით გამოსვლისას, კურფურსტმა პროპაგანდისა და დეზინფორმაციის აღზევებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სიახლე არაა, რადგან ის ცივი ომის დროსაც არსებობდა. თუმცა, ჩეხი ოფიციალური პირის თქმით, მისმა ქვეყანამ პროპაგანდა და დეზინფორმაცია ახალი ფორმით 2008 წელს იხილა, როდესაც ჩეხეთის ტერიტორიაზე ამერიკული სარაკეტო თავდაცვითი რადარის განლაგება განიხილებოდა. პროპაგანდის ამ პირველ ტალღას, კურფურსტის განცხადებით, დეზინფორმაციის კიდევ ერთი ტალღა 2015 წელს, ევროპაში მიგრაციული კრიზისის დროს, მოჰყვა. მანვე აღნიშნა, რომ პროპაგანდა და დეზინფორმაცია ახლა, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის დროსაც თვალშისაცემია.

როგორც ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, როდესაც რუს პროპაგანდისტებს: კისილიოვს, სიმონიანსა და სკაბაევას უსმენ, „ვხედავთ მილიტარისტული იმპერიალიზმის სიძულვილის ნაკადს, რომელიც იმდენად სავსეა ძალადობით, რომ ნამდვილად ცვლის მთლიან საზოგადოებას“. მისი განცხადებითვე, პროპაგანდისტების აღზევების ფონზე ვხედავთ დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმებს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვერა ჟუროვა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვერა ჟუროვას თქმით, ჟურნალისტები „ჩვენი თვალი და ყური არიან, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც უკრაინაში, ბრძოლის ველზე მუშაობენ“. მისივე თქმით, ომის დანაშაულებზე მტკიცებულებების შეგროვების კუთხით, უკრაინაში რეპორტიორების მუშაობას ევროკავშირისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ და ომის დანაშაულების გამოძიების, შემდგომი სამართლებრივი დევნისა და დამნაშავეთა დასჯის პროცესში წვლილი შეაქვთ, ჟუროვამ მადლიერება გამოხატა.

evrokomisiis-vice-prezidenti-vera-zhurova-1670670619. ფოტო - მიჰაელ კუბელკა.jpg

„გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია არის ევროკავშირსა და ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მედეგობის მშენებლობის მთავარი საყრდენი. ისინი უაღრესად მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო - პირველი, გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი საფუძველი, რომელზეც ევროკავშირი აშენდა. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი პრესა ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონეა წარმატებული დემოკრატიული საზოგადოებებისთვის ყველგან, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. მეორე, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მედია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ფაქტობრივი და სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის. ეს საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და აგრეთვე, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში. ასეთი დამოუკიდებელი მედია საშუალებები ჩვენი დემოკრატიების დედაარსია. ისინი უზრუნველყოფენ შეკავებისა და გაწონასწორების აუცილებელი სისტემის მუშაობას და მთავრობებს ანგარიშვალდებულებს ხდიან. და ბოლოს, ჩვენ და ჯანსაღი მედია გარემო საჭირო ვართ ორგანიზებულ დეზინფორმაციულ კამპანიებთან საბრძოლველად. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კამპანიები არ ჩერდება ეროვნულ საზღვრებზე, ჩვენ ყველას გვაქვს ერთობლივი ინტერესი, ვებრძოლოთ მტრულ და ზიანის მომტან დეზინფორმაციულ კამპანიებს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, - აღნიშნა ჟუროვამ.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი ამჟამად 30 მილიონ ევროზე მეტით უჭერს მხარს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, დამოუკიდებელ მედია ლანდშაფტს.

„ჩვენ არა მხოლოდ არსებითად გავზარდეთ ჩვენი ფინანსური ვალდებულებები ამ მხრივ, ჩვენ ასევე დავისახეთ ამბიციური მიზნები, რომ მხარი დავუჭიროთ სულ მცირე 120 დამოუკიდებელ მედიასაშუალებას და 2000 ჟურნალისტს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენი დახმარება ფოკუსირებულია მედიის პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტური უნარ-ჩვევებისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობაზე. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან მედიის კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლების მხარდაჭერის კუთხით. ჩვენი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მედიის გაძლიერება, რათა მათ მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა შეძლონ, მათ შორის ადგილობრივ ენებზე“, - დასძინა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ემინე ჯაფაროვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ემინე ჯაფაროვამ საკუთარი ვირტუალური მიმართვა, აპრილში, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს გარდაცვლილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ვირა გირიჩის ხსენებით დაიწყო. მისივე თქმით, 24 თებერვლის შემდეგ, „რუსმა ტერორისტებმა სასტიკად მოკლეს მედიის 42 წარმომადგენელი“. მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, ახლახან, უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას რუსი სამხედროების მიერ მოკლული კიდევ ერთ ჟურნალისტისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის, ალექსანრდე მახოვის სახელი ეწოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ემინე ჯაფაროვა. ფოტო - მიჰაელ კუბელკა

გარდა ამისა, ჯაფაროვამ აღნიშნა, რომ პროპაგანდა და დეზინფორმაცია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტებია, როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„რუსული დიქტატურის ხელში მედია ბოროტების წყაროდ და მანიპულაციებისა და პროპაგანდის გავრცელების იარაღად იქცა. სამწუხაროდ, რუსეთში რეალობა ისაა, რომ ვერ მოიპოვებთ მედია საშუალების ოპერირებისთვის საჭირო ლიცენზიას, თუ დიქტატორულ სისტემასთან არ თანამშრომლობთ... ამიტომაც ჩვენ ასე დაჟინებით ვითხოვდით რუსეთის პროპაგანდისტული საშუალებების აკრძალვას და, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს რეალობა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ჯერ კიდევ ოპერირებს Russia Today და Sputnik“, - დასძინა ჯაფაროვამ.

რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი

რადიო თავისუფლების პრეზიდენტის, ჯეიმი ფლაის თქმით, იმ ოცდასამივე ქვეყნის მასშტაბით, სადაც რადიო თავისუფლება ოპერირებს, ყოველდღიურად ხედავენ მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, ასევე, ხედავენ იმას, თუ როგორ ცდილობენ ავტორიტარული რეჟიმები ჟურნალისტების გაჩუმებასა და გაშუქებისთვის ხელის შეშლას.

ფლაიმ მადლობა გადაუხადა ჩეხეთს მთავრობას და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე რადიო თავისუფლება ვერ განახორციელებდა თავის საქმიანობას. ამასთან, მედია საშუალების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რადიო თავისუფლებას მაუწყებლობის დიდი ისტორია აქვს - ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურები 2023 წელს 70 წლის იუბილეს იზეიმებენ, ხოლო უკრაინული და ბელარუსული სამსახურები 70 წლის საიუბილეო თარიღს 2024 წელს აღნიშნავენ. რაც შეეხება მოლდოვას, ქვეყანაში რადიო თავისუფლებამ ოპერირება, ფლაის თქმით, 1998 წელს დაიწყო.

radio-tavisuplebis-prezidenti-2-1670670780.jpg

გარდა ამისა, როგორც რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ბელარუსიდან მისი მედია საშუალება განდევნეს - მინსკის ბიურო გასულ წელს მას შემდეგ დაიხურა, რაც ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურმა რეიდი მოაწყო. ფლაის თქმითვე, ახლა, რადიო თავისუფლება ბელარუსში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ორი ჟურნალისტი კი ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება.

„ლუკაშენკოს რეჟიმმა არა მხოლოდ ჟურნალისტიკის კრიმინალიზება მოახდინა, არამედ იმ აუდიტორიისაც, რომელიც დამოუკიდებელი ინფორმაციის მოხმარებას ცდილობს“, - დასძინა რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა.

poto-kolazhistvis-2-1670670850.jpg

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიები და პარალელური სესიები გაიმართა.

მედია საშუალებებსა და დონორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობები; დევნილობაში მყოფი მედიის წინაშე არსებული გამოწვევები და ახალ რეალობაში გადარჩენის სტრატეგიები; დეზინფორმაციასთან ბრძოლის ახალი საშუალებები; ომში მედიის როლი; მედია საშუალებების მიერ ახალ აუდიტორიებთან მიწვდომა, აუდიტორიის კვლევა, აუდიტორიის ზრდის სტრატეგიები და რეგიონული მედიის როლი - ეს ის საკითხებია, რაზეც მონაწილეებმა პარალელური სესიების დროს იმსჯელეს.

poto-kolazhistvis-9-1670670865.jpg

ღონისძიების მეორე დღეს, მედიის წარმომადგენლები ჩეხეთის დედაქალაქში მდებარე რადიო თავისუფლების სათავო ოფისს ეწვივნენ, სადაც მათ რადიოს მოქმედმა მთავარმა რედაქტორმა ჯერემი ბრანსტენმა უმასპინძლა. გაიმართა დისკუსია რადიო თავისუფლების რუსული საგამოძიებო განყოფილების მთავარ რედაქტორთან და ციფრული სტრატეგიის ხელმძღვანელთან. მონაწილეებს რადიო თავისუფლების ნიუსრუმის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენცია მეოთხედ გაიმართა.

ავტორი - თორნიკე კაკალაშვილი

ფოტოები - მიჰაელ კუბელკა