"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია, წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს" - რას ამბობს ოსიმენი "კვარაზე"?
იტალიური "ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა Radio Kiss Kiss-სთან განაცხადა, რომ "იუვენტუსთან" მოგებული მატჩის შემდეგ გულშემატკივართა სიხარულის გამო ბედნიერი იყო, "კრემონეზესთან" წაგება კი მტკივნეული გახლდათ... მისი თქმით, შეცდომების გამოსწორებაა საჭირო. როგორც მან აღნიშნა, "სალერნიტანასთან" დაპირისპირებისთვის სერიოზულად ემზადებიან...
ოსიმენის თქმით, მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მისთვის შთაგონების წყაროა, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტაქტიკაზე ხშირად მუშაობენ, მიზანი მხოლოდ სკუდეტო როდია, რამეთუ "ნაპოლი" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სეზონის ბოლოს გამარჯვება ფანებთან ერთად უნდა იზეიმონ.
მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მითამაშია. წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს. თუმცა ვერ დავივიწყებ სხვა ძლიერ პარტნიორებსაც - ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსს, მაგრამ "კვარა" ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, დაამტკიცა, რომ გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.
ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ბევრ გადაცემას მიკეთებს და მიხარია, რომ "ნაპოლიში" იზრდება და დიდი ფეხბურთელი ხდება. არ ვფიქრობ, რომ მისგან მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, თუმცა, იმედია, მომავალში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს".