"დედა ხარ და მიხედე" - ეს სიტყვები ყველა კაცმა უნდა ამოიღოს ლექსიკონიდან
წლებია რაც ფსიქოლოგები ბავშვთა აღზრდაში მამის როლს სწავლობენ. ტარდება სხვადასხვა ტიპის კვლევები, რათა საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამის მონაწილეობა შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბოლო კვლევებით ბავშვები, რომელთა გაზრდაში მამის წვლილი დიდია, უფრო თავდაჯერებულები და ემოციურად სტაბილურები არიან. ასეთ ბავშვებს სკოლაში აქვთ უკეთესი აკადემიური მოსწრება და სოციალური უნარები.
საქართველოში იშვიათი გამონაკლისის გარდა, მამები ყოველთვის ნაკლებად იყვნენ შვილის აღზრდაში ჩართულები. შვილები დიდწილად დედაებს დაჰყავდათ ექიმთან, სკოლაში, წრეებზე... საჭიროების შემთხვევაში საავამდყოფოში მოხვედრილ არასრულწლოვანთან დღემდე დედა რჩება ღამის გასათენებლად. თუმცა ბოლო წლებში ეს მიდგომა ნელ-ნელა იცვლება. დილას სკოლისა და ბაღის სიახლოვეს თუ გაივლით, ნახავთ, რომ უამრავი მამა მოჰყვება მცირეწლოვან შვილებს სასკოლო ჩანთით ხელში. ქვეყანაში შვილის გაზრდაში მამის ჩართულობის წილი რომ გაიზარდა, ამის მაგალითია საიტი mshoblebi.ge, რომელიც წლებია ინტერნეტსივრცეში მშობლებისთვის საინტერესო კონტენტს ქმნის.
საიტის რედაქტორი შორენა ბურდილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საიტზე შემომსვლელ მამაკაცთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით 40%-მდე გაიზარდა.
"ბოლო დროს აღარ მიაჩნიათ "გმირობად" მამის მიერ ბავშვის მოვლა, გამოცვლა, ბანაობა, ექიმთან თუ დაბადების დღეზე წაყვანა. თანდათან მეტი მომავალი მამა ესწრება მშობიარობის პროცესს და დეკრეტში გასული მამებიც გვყავს. ბევრ ცნობილ ადამიანს ვხედავთ, რომ ძალიან აქტიურად არის ჩართული შვილის მოვლისა თუ აღზრდის პროცესში. იდეალურ ბალანსამდე ალბათ მაინც ბევრი გვიკლია, რადგან დღესაც ბევრი ოჯახია, სადაც ბავშვების მოვლა-აღზრდა კვლავ მხოლოდ ქალის მოვალეობად ითვლება, თუმცა ფაქტია, ტენდენცია იცვლება და უკვე მამებიც ხშირად ინტერესდებიან იმ თემებით, პროდუქტებითა თუ მომსახურებით, რაც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.“
საიტზე Mshoblebi.ge-ზე დიდი ხანია არსებობს კატეგორია "მამა“, სადაც ბევრ აქტიურ და სამაგალითო მამაზე წერენ. რედაქტორის თქმით, ამ სტატიებს მკითხველიც ბევრი ჰყავს.
გიორგი ლორია საიტ kvirispalitra.ge-ს რედაქტორია. რამდენიმე თვეა, რაც მამა გახდა და ამბობს, რომ ამ როლის მოსარგებად ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე ემზადებოდა. ჩვენი რესპონდენტი მამებისთვის განსაკუთრებულად მძიმე მაინც შვილის ავადობის პერიოდია. ამ დროს ემოციური ფონი იმატებს, რისი გაკონტროლებაც ხშირად შეუძლებელია...
- ჩემი შვილი 9 თვის სრულდება. ვიდრე დაიბადებოდა, მზადება მაშინ დავიწყე. ჩამოვტვირთე რამდენიმე ელ. წიგნი, ვეცნობოდი სხვადასხვა სტატიას. რეალურად, ახალბედა მშობლისთვის, მნიშვნელოვანია, მოემზადო ფსიქოლოგიურად. ვგულისხმობ, იმას, რომ ბავშვის დაბადებისთანავე იწყება უძილო ღამეები, ჩვილი ტირის, ვერ ხვდები რა აწუხებს ან/და სურს... თუ წინასწარ არ ხარ კარგად შემზადებული, მენტალურად გაძლიერებული, ბევრ კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, რაც აჩენს დაბნეულობის, გაურკვევლობის განცდას.
მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, აღზრდის პროცესში უმეტესად ჩვენ ვიყოთ ჩართულები, თუმცა, რა თქმა უნდა, პერიოდულად ბებია-ბაბუებიც გვეხმარებიან. დღისით ბავშვი დედასთანაა, საღამოობით, სამსახურის შემდეგ კი მე ვიბარებ და ვცდილობ, მეუღლე რამდენიმე საათით დავასვენო. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ტელეფონში ჩახედვა და ვატყობ, ბავშვსაც აქვს უკვე სმარტფონის მიმართ ინტერესი, შეძლებისდაგვარად, რამდენიმე საათით, გვერდზე ვდებ ტელეფონს. ძირითადად ვთამაშობთ და სხვადასხვა ახალ, ასაკთან შესაბამის აქტივობებში ვცდილობ, ჩავრთო. ამ თამაშებს თუ აქტივობებს ინტერნეტში ვეცნობი, თანამედროვე გაიდლაინებსა და სახელმღვანელოებს ვკითხულობ, რაც საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს. უქმეებზე ძალიან გვიყვარს პარკში ხეტიალი, ბავშვსაც მოსწონს და ჩვენც. იხილეთ სრულად