"უკვე მოკლე ხანში იქნება ომის კულმინაცია, ყველაზე ძლიერი ფაზა..." - მამუკა მამულაშვილი ომის დასაწყისსა და ბრძოლის ერთ წელზე
"ქართული ლეგიონი“ მზად არის!" - ასე ეხმაურება ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასობრივ თავდასხმას გეგმავს.
"რუსებს ბელარუსის მხრიდან კრემატორიუმის მანქანები შემოჰყავთ. ეს ჩემთვის, როგორც სამხედროსთვის, იმის ინდიკატორია, რომ ომი დაიწყება. როგორც წესი, შემტევ ოპერაციას დიდი მსხვერპლი მოსდევს შემტევი მხარისთვის. ცნობილია, რომ შეტევის დროს დაღუპულ საკუთარ ჯარისკაცებს რუსები წვავენ და მერე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად აცხადებენ. ფართომასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშე ვდგავართ...“ - ეს განაცხადი მამულაშვილმა, შარშან, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე გააკეთა.
შეგახსენებთ, 2022 წელს, 24 თებერვლის დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით, უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში. სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ამბობდა, რომ უკრაინა შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდა და რუსეთი ბლიცკრიგით აიღებდა კიევს. უკრაინელებმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსებს, პუტინმა კიევი ვერც ბლიცკრიგით აიღო და ვერც ფართომასშტაბიანი ომით.
თუმცა დღეს, ომის დაწყების წლისთავზე უკრაინაში რუსული თავდასხმა გაძლიერებულია. ომის სურათი იცვლება, დასავლეთი რუსეთის კიდევ უფრო გააქტიურებას პროგნოზირებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი დამატებით შეიარაღებას ითხოვს.
რუსეთ-უკრაინის ომის ერთ წელზე, უკრაინელების განწყობებსა და უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება:
- ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ვიყავი დარწმუნებული, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადებოდა. შარშან, "ქართულმა ლეგიონმა“ ომამდე სამი თვით ადრე დაიწყო მომზადება. რაც შეეხება, დღეს მოსალოდნელ ფართომასშტაბიან შემოტევას, ჩვენ ახლა გაცილებით კარგად ვართ მომზადებულები, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით.
- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარშან 16 თებერვალს ასეთი განცხადება გაავრცელა "ჩვენ გვემუქრებიან დიდი ომით და კიდევ ერთხელ ჩანიშნეს შემოჭრის თარიღი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე...“ იმ პერიოდში, ამერიკული დაზვერვა ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის საზღვართან 130 000 რუსი სამხედრო იყო მობილიზებული, მაგრამ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო აცხადებდა, რომ ვერ ხედავდა რუსეთის შემოჭრის საფუძველს. უფრო მეტიც, საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი ამბობდა, რომ უკრაინის საზღვართან ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადი იყო. ასეთ ვითარებაში, როგორ შეძელით ლეგიონის მომზადება?
- არ იყო მარტივი. ყველაზე რთული ის იყო, რომ თავად უკრაინელებისთვის იყო დაუჯერებელი ის, რასაც მოსკოვი აპირებდა. არაერთი თხოვნის მიუხედავად, შესაბამის შეიარაღებასაც კი არ გვაძლევდნენ. ცინიკური სტატიებიც კი დაიწერა ჩვენს შესახებ, "ქართული ლეგიონი“ ომისთვის ემზადებაო (მერე ამისთვის ბევრჯერ მოგვიხადეს ბოდიში). ამის მიუხედავად ჩვენ მაინც მოვახერხეთ და გავწვრთვენით 10 000 კაცი - სამოქალაქო პირი, რომლებმაც უკრაინის თავდაცვაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და დღემდე ასრულებენ. იხილეთ სრულად