მასშტაბური ძარცვა საბერძნეთში, რომლის მთავარი ფიგურანტი ქართველია - სამართალდამცავთა მტკიცებით, მან საქართველოში 300 000 ევროს ღირებულების ნაქურდალი ჩამოიტანა
"რუსთავი 2 " ინფორმაციით, საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომლესაც ცნობილი ბერძენი ბიზნესმენის გაძარცვა ედება ბრალად. როგორც ირკვევა დანაშაული დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, ამ პერიოდში ქართველი ბრალდებული სამშობლოში ჩამოვიდა და თან 300 000 ევროს ღირებულების ნაქურდალი ჩამოიტანა. ახლობლები ადასტურებენ, რომ ის რამდენიმე თვის განმავლობაში მშობლიურ მხარეში - ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში ცხოვრობდა, თუმცა ისევ საბერძნეთში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა და ციხეში აღმოჩნდა.
როგორც ტელეკომპანია იუწყება ის ათენში ახალი გვარით ჩავიდა, თუმცა პასპორტის შეცვლამ არ იმუშავა. "კურიერის" მტკიცებით, მათ შეძლეს ბრალდებულის ორივე გვარის დადგენა - 43 წლის ოსმან ხმალაძე ოსმან სხვედიანი გახდა.
როგორც აღმოჩნდა, ის საქართველოშივე გაიშიფრა. სწორედ თბილისიდან აცნობეს ბერძენ გამომძიებლებს ბრალდებულის გეგმები.
43 წლის ოსმან ხმალაძე, საბერძნეთში გახმაურებული ძარცვის მთავარი ფიგურანტია. ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა კალონიკაში ცნობილი ბიზნესმენის სახლი გაძარცვა, სეიფიდან 300 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ნაღდი ფული გაიტაცა, რამდენიმე დღეში კი მსხვილი ნაძარცვით საბერძნეთიდან საქართველოში გამოემგზავრა..
"კურიერი" დღეს ბრალდებულის რეგისტრაციის მისამართზე იმყოფებოდა. გახმაურებული ძარცვის დეტალებზე საუბარი არ სურთ საქართველოში, ოსმან ხმალაძის ახლობლებს. ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მამაკაცი წლებია ცოლ-შვილთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს.
ცნობილი ბიზნესმენის ძარცვის საქმეს აქტიურად აშუქებს ბერძნული მედიაც.
საბერძნეთის პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე ჩატარებული ჩხრეკისას 12 ოქროს ფუნტი, 19 000 სომხური დრამი, 15 გრამი კანაფი, ორი პისტოლეტი და სავარაუდოდ, ნაძარცვი ძვირფასეულობა ამოიღო. გამოძიება გრძელდება სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან ოსმან ხმალაძის შესაძლო კავშირის დასადგენად.