ვინ არის ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად მოკლული და რა ახალი დეტალები ხდება საქმეზე ცნობილი
ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, რესტორან LA VERA- სთან სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია. ცნობილი გახდა გარდაცვლილის ვინაობა, ის 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, საბა გახოკიაა.
შეიარაღებულ თავდამსხმელს ახალგაზრდა მამაკაცის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამჟამად დაკავებულია, მას გაქცევა არც უცდია.
Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია. მკვლელობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ის დაჭრილი გივი (გიჩო) მარგველაშვილის დაცვაში მუშაობდა.
როგორც Ambebi.ge-ს თვითმხილველი უყვება, საბა გახოკიამ შავი ჩანთიდან "ვინჩესტერის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და გიჩო მარგველაშვილის მისამართით გაისროლა. მარგველაშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც გახოკია ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მარგველაშვილს, ის ფეხში მძიმედაა დაჭრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.