"ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს" - როდის გამოიდარებს? მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
"საქართველოსთვის უჩვეულო გაზაფხული" - ასეთი აღწერით ვრცელდება ფოტოები სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს თუ როგორ თოვს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში.
წელიწადის ამ დროისთვის უჩვეულოდ დაბალია თბილისშიც ჰაერის ტემპერატურა.
როდის გამოდარებს საქართველოში და როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით, ამის შესახებ Ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე ესაუბრა.
მისი თქმით, 15 მაისიდან შედარებით გამოიდარებს, ხოლო 16 მაისიდან ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე მოიმატებს.
"ბოლო ორი დღეა საქართველოში საკმაოდ გრილი, ნოტიო და ნალექიანი ამინდი ფიქსირდება. 13 მაისს თითქმის ერთნაირი ამინდი იყო, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში - წვიმდა, მაღალ მთაში ზოგან მოთოვა კიდეც, დაბალი იყო ტემპერატურაც.
14 მაისს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს - აქ ნალექი ზოგან შეწყდება, დღის ბოლოს გაძლიერდება ქარი.
15 მაისიდან შედარებით გამოიდარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ჯერჯერობით გრილი ამინდები დაფიქსირდება. ტემპერატურა 13-18 გრადუსის ფარგლებში იქნება. ნალექი მხოლოდ ცალკეულ რაიონებში შენარჩუნდება.
16 მაისიდან ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. ტემპერატურა მოიმატებს 20-25 გრადუსამდე, მაგრამ თბილი ამინდების ფონზე, ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
შესაბამისად, ისეთი ცივი ამინდები, როგორიც ბოლო დღეებში ვიხილეთ, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ იქნება", - ამბობს სვეტლანა ნიორაძე.