რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის ოჯახი?
მილიონერი ქართველი დეპუტატების სიას თუ გადავხედავთ, მათ შორისაა ანტონ ობოლაშვილი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა და ბოლო მოწვევის პარლამენტში მოხვდა, როგორც ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" .
ბიოგრაფიული ცნობები
"ქართული ოცნების“ მაჟორიტარის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ დაიბადა 1974 წლის 1-ლ მარტს. სკოლა და უნივერსიტეტი ახალციხეში დაამთავრა.
2004 წელს დააფუძნა შპს "გლობალფარმა“ (ფარმაცევტული კომპანია) რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გახლდათ 2016 წლიდან 2020 წლამდე. იქამდე, ვიდრე დეპუტატის სავარძელში მოხვდებოდა. ანტონ ობოლაშვილი ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
საინტერესო დეტალები
ობოლაშვილების ოჯახი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია. 2020 წელს გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ანტონ ობოლაშვილის შვილმა, მეუღლემ და ცოლისდამ "ქართულ ოცნებას“ თანხა 27 აგვისტოს შესწირეს. ქეთევან ობოლაშვილმა - 6 000 ლარი, ლია ობოლაშვილმა - 60 000 ლარი, ხოლო თამარ მერაბიშვილმა - 10 000.
2021 წლის თებერვალში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანდა ანტონ ობოლაშვილის სახლში ე.წ. კომენდანტის საათის დროს, მმართველი გუნდის წევრები და მათი მეგობრები წვეულებაზე რომ იმყოფებოდნენ. ობოლაშვილმა იმჟამად ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ წვეულებაზე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძეც იმყოფებოდნენ. სტუმრები დეპუტატ ობოლაშვილის სახლში საღამოს ცხრა საათის შემდეგაც მიდიოდნენ. მაშინ, როდესაც კოვიდპანდემიის გამო, ქუჩაში გადაადგილება აკრძალული იყო. იხილეთ სრულად