დაკავებულია ელისო ცუცქირიძე: ქალი, რომელსაც ასობით ადამიანი თანხის თაღლითურად მითვისებას ედავება - რა ვიცით მასზე?
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ხალხის მიერ თაღლითობაში დადანაშაულებული ელისო ცუცქირიძე წუხელ სამართალდამცავებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას ძალოვნები 10 წლის წინანდელ საქმეს ედავებიან. საქმე შეეხება ქუთაისის ეპიზოდს, სადაც ასევე ადგილი ჰქონდა თაღლითურად თანხის მითვისების ფაქტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებასა და ბრალდებაზე ოფიციალურ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
მოგეხსენებათ, ე.წ. მაკლერების ჯგუფის მოქმედების სქემაზე უკვე დიდი ხანია სოციალურ ქსელში უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა და ელისო ცუცქირიძის სახელი ბევრისთვის კარგად ნაცნობია. ყიდვა-გაყიდვის და სხვადასხვა ჯგუფებში დაზარალებული ადამიანები ელისო ცუცქირიძესთან ერთად პირდაპირ ამხელენ მის ქალიშვილს ნათია ცუცქირიძეს და მზია ბარკალაიას. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ არ ენდონ თაღლით მაკლერებს და მათ მსგავსად არ დაზარალდნენ.
ელისო ცუცქირიძის სქემა:
ის ეძებს ბინის გირავნობის მსურველ კლიენტს, სთავაზობს კარგ პირობებს, თანხის სანაცვლოდ უდებენ მიწას, რომელიც მიზერული თანხა ღირს, ადამიანები აწერენ შეთანხმებას ხელს ისე, რომ მიწის ღირებულებას და ადგილმდებარეობას არ სწავლობენ, იდება ხელშეკრულება ნოტარიულად, თანხას იღებს მაკლერი და რეალურად შედიან დამგირავებლები სხვის ბინაში, რომელთანაც ცალკე მოლაპარაკებას აწარმოებენ ჯგუფის სხვა წევრები, ცხოვრობენ იმ ბინაში დამგირავებლები, ქირას მათი მიცემული ფულიდან რამდენიმე თვე იხდის თაღლითი, რამდენიმე თვეში, ზოგჯერ უფრო მალეც, როცა ის აღარ გადაიხდის თანხას, მაშინ იწყება პრობლემა. ბინის მეპატრონე ითხოვს მისი ბინიდან მდგმურის გასვლას, დამგირავებელი არ გადის, მაშინ აღმოაჩენს დამგირავებელი, რომ იმ მიწის ფასიც, რაც ჩაიდო უზრუნველსაყოფად თავისი თანხის, არის ძალიან დაბალი და ადამიანი რჩება მოტყუებული.
ჩვენ თითქმის ორი კვირა ვმუშაობდით, რომ ამ საქმეზე მასალა მოგვემზადებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროის განმავლობაში გვეუბნეოდნენ, რომ აქტიურად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ბუნებრივია ელისო ცუცქირიძეს და მზია ბარკალაიასაც დავუკავშირდით, რომლებიც დაგვემუქრნენ, რომ თუ მასალას დავწერდით "პასუხის გვაგებინებდნენ". რა თქმა უნდა ამის შემდეგ ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რამდენიმე დღის წინ დაზარალებულები დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის შენობასთანაც შეიკრიბნენ და მოითხოვეს დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა, დღეს, მისი დაკავების შემდეგ დაზარალებულები კიდევ ერთხელ მივლენ პოლიციასთან, რადგან მათი ინფორმაციით, ცუცქირიძის დაკავება სხვა საქმეს უკავშირდება და ისინი მოითხოვენ დამატებით ამ საქმეებზეც წაეყენოს მას და მის სხვა თანამზრახველებს ბრალდება.
ელისო ცუცქირიძის სქემას დღეს უამრავი დაზარალებული ჰყავს, ის პირები, რომელთაც ბინის დაგირავება სურდათ და ძლივს შეაკოწიწეს ამისთვის თანხები და ასევე უძრავი ქონების მეპატრონეები, რომლებიც ბინებს აქირავებენ და რომელთათვის ეს შემოსავლის წყაროა. ისინი საკუთარი ბინიდან მდგმურებს ვერ ასახლებენ იმის გამო, რომ ბინაში მაცხოვრებლები თაღლითის მსხვერპლები არიან. ბინის მესაკუთრეებს პოლიციელები ეუბნებიან, რომ ბინიდან ვერავის გაასახლებენ, ბინაში თუ შევლენ, უკანონოდ შეჭრის გამო თავად მეპატრონეს დაიჭერენ. ბინის მეპატრონეები პოლიციასა და სააღსრულებო ბიუროში დარბიან იმ იმედით, რომ ძალოვნებთან სამართალს იპოვიან, მაგრამ იქიდანაც იმედგაცრუებულები გამოდიან.
ელისო ცუცქირიძე
ნინო ოსაძე, დაზარალებული:
- 2018 წელს აღმოვჩნდი ელისო ცუცქირიძესთან, ჩემი თანამშრომლის შვილს ჰქონდა ამ სქემით ბინა დაგირავებული და მან დამაკავშირა. თავდაპირველად ელისოს 7500 დოლარი მივეცი, ნატანების მიწა ჩამიდო და ნოტარიალურად გავაფორმე ხელშეკრულება. არც ის მიწა მინახავს, რატომღაც სიტყვაზე ვენდე. ფოთის ქუჩაზე ჰქონდა მაშინ ოფისი. შევედი ბინაში და დიდ ხანს ბინის მეპატრონესაც არ ვიცნობდი, რადგან იხდიდა ქირას, მერე ელისომ ფულის დამატება მომთხოვა, თუ ვადის გაგრძელება გინდა, ფული უნდა დაამატოო. ვუთხარი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და არ მქონდა შანსი თანხა დამემატებინა. ამბობდა რომ თანხა ცოტა იყო და მაშინ მიწის ნაკვეთი გავყოთ შუაზე და ნახევაფრს გაგიფორმებო, ამაზეც დავთანხდი... 2022 წლის მარტიდან დაიწყო პრობლემები, ქირას აღარ იხდიდა.
თქვენ სასაცილო თანხაში ხართ, "სემიჩკის" ფულია ჩემთვის 7500 დოლარი და თუ არ დამიმატებთ თანხას, ბინა დამიცალეთო. ფსიქოლოგიურად ისე მოგვიდგა, რომ სხვა გზა არ დამიტოვა, მიწის ნაკვეთი დამიბრუნე და გადადი სესხის ხელშეკრულებაზეო, არანაირი საშუალება არ მქონდა, რომ თანხა დამატებით მიმეცა და დავთანხმდი ნაკვეთის დაბრუნებას. მე არ ვიცოდი, რომ სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში ჩემს თანხას ვერ დავიბრუნებდი. ის ნაკვეთიც რაც ჩადებული იყო, ძალიან მცირე თანხა ღირდა, მაგრამ ის მიზერული თანხაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ახლა გამოდის, რომ საერთოდ არაფერი აღარ მაქვს. იხილეთ სრულად