"ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია" - რას აცხადებს გაუჩინარებული გოგონას დედა?
ოკუპირებულ გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა "ეხო-კავკაზა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოგონას დედა, იამზე აგუმავა არ ადასტურებს.
"ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია“, - წერს აგუმავა სოციალურ ქსელში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოფიციალური უწყებები ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
დაკავებული აფხაზი აინარ წვიჟბაა. როგორც ირკვევა, მას რაიონში ბიზნესი და გავლენები აქვს, ის ქართველ გოგონასთან დაახლოებას დიდი ხანია ცდილობდა, თუმცა, უარს იღებდა...
"ნათია სოხუმში სწავლობდა და როგორც ჩანს, წვიჟბა იქიდან მოყოლებული ავიწროებდა მას. ის გაქცევას აპირებდა, მაგრამ საბუთები ვერ გააკეთა. ამიტომ ის ვერსიაც ვრცელდება, რომ ვიღაცების დახმარებით აფხაზეთის დატოვებას ცდილობდა, ეს ამბავი წვიჟბამ გაიგო და გაიტაცა.
იმედია, სამშვიდობოს არის, მაგრამ ასე რომ იყოს, დედას ხომ დაუკავშირდებოდა... თუმცა, ქალი ამბობს, რომ მისი შვილი ცოცხალია და ეს უკვე იმედის მომცემია.
აქ ხომ ყველაფერი გავლენებით არის. წვიჟბაც გავლენიანია და სულ არ გამიკვირდება, რომ საქმე ჩაიფარცხოს ან რაღაც დროის შემდეგ, სიმბოლური სასჯელი დააკისრონ. საინტერესოა, რატომ გავრცელდა ტყის ვერსია, რატომ მუშაობდა მილიცია ტყეში, სადაც სხვა ადამიანის ცხედარი იპოვეს" - ამბობენ აფხაზები.
28 წლის ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს მისმა დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც შვილის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა.