"თბილისში არის წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეებიც..." - რას ამბობს სეისმოლოგი დედაქალაქის მეწყერსაშიშ ზონებზე?
ორი კვირის წინ თბილისში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები დაიტბორა, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები. მოქალაქეები სოციალურ ქსელში სახლებსა და სადარბაზოებში წყლის ჩასვლის კადრებს ავრცელებდნენ. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსული ნალექის რაოდენობა შეადარა 2015 წლის 13 ივნისის მდგომარეობას, როცა ვერეს ხეობაში წყალი ადიდდა და 20-ზე მეტი კაცი დაიღუპა: "სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. ამასთან, 2015 წლისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს მოსულმა ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა".
როგორც სპეციალისტები ამბობენ, დღეს მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა კლიმატის გლობალური ცვლილებაა, რასაც სტიქიური კატაკლიზმები ახლავს. ამ საკითხებზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა სუხიშვილი საუბრობს. ის კონკრეტულად თბილისის მეწყერსაშიშ ზონებს ეხება:
- თბილისში გამოსაყოფია შემდეგი რისკის შემცველი მეწყერსაშიში ზონები: ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდი, გაგრძელებული მთაწმინდის და სოლოლაკის ნაწილით, ვაშლიჯვრის ფერდი (ლისის ფერდობიც შედის), ნუცუბიძის პლატოს ნაწილი, გლდანის ჩრდილოეთით გლდანულას ხეობა, ასევე, თემქაზე ე.წ. შეშელიძის მეწყერი, რომელიც ყველაზე თვალსაჩინო და აქტიურია. თბილისში არის კიდევ ბევრი ფერდი, სადაც სხვადასხვა მეწყრული პროცესის ერთეული გამოვლინებებია.
მეწყრული პროცესები დამოკიდებულია გეოლოგიაზე - როგორ არის განლაგებული გეოლოგიური შრეები, მათი დახრის მიმართულება და კუთხე ემთხვევა თუ არა ზედაპირზე ფერდობის დახრის მიმართულებასა და კუთხეს. თუ ასეთი დამთხვევა არის, ეს ნიშნავს, რომ მეწყრული საფრთხე მომატებულია, თუ პირიქითაა - ამგები ქანები სხვა მიმართულებითაა დახრილი და ფერდობი - სხვა, მაშინ მეწყრული პროცესებისკენ მიდრეკილება ნაკლებია. ასე ხდება ვერეს ხეობაში - ვერეს მარჯვენა ფერდზე დახრის კუთხეები ემთხვევა, მარცხენაზე - არა, ამიტომ მარცხენა უფრო სტაბილურია. მეწყრული პროცესები ასევე დამოკიდებულია ქანების გამოფიტვის დონეზე, გამოფიტვა კი განპირობებულია ტექტონიკური დაძაბულობით, კლიმატით, ზოგიერთი ტიპის მეწყრის შემთხვევაში - მცენარეული საფრის არსებობით, ქიმიური ეროზიით, მიწისქვეშა წყლების მოქმედებით და ეს ყველაფერი შემდგომ განაპირობებს ქანების მოძრაობას. მნიშვნელოვანია ასევე კლიმატი - თბილისს, როგორც წესი, ახასიათებს მცირე ნალექიანობა, დაახლოებით 500-600მმ ფარგლებში საშუალოდ წლის განმავლობაში, მაგრამ ახასიათებს მოკლე დროში ინტენსიური წვიმებიც, როგორიც იყო 29 აგვისტოს ან 2015 წლის 13 ივნისს. სამწუხარო ის არის, რომ კლიმატის ცვლილების სცენარების მიხედვით თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მწირნალექიანობა უფრო გაღრმავდება, ანუ წლის განმავლობაში უფრო ნაკლები წვიმა მოვა, რაც უდრის გვალვას, მაგრამ გაიზრდება (და იზრდება კიდეც) დროის მოკლე მონაკვეთში მოსული წვიმის ინტენსივობა, ანუ ხშირად არა, მაგრამ როცა იწვიმებს, ბევრს იწვიმებს.
- როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, ეს გლობალური კლიმატის ცვლილებაზეა დამოკიდებული. მაინც როგორ უნდა მოვემზადოთ და დავუპირისპირდეთ ამ პრობლემას?
- კლიმატის ცვლილება გლობალური გამოწვევაა და გლობალური ეკონომიკისთვისაც კი რთული მისაღწევია ადაპტაცია, არათუ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნებისთვის. მაგალითად, ვაშლიჯვრის ფერდთან კლიმატის ცვლილება არაფერ შუაშია, უბრალოდ, ფერდი მოთხარეს და გაააქტიურეს მეწყერი. ბუნებრივ პროცესს ვერ შევაჩერებთ, მაგრამ ის ხომ მაინც შეიძლება ხელოვნურად არ გამოვიწვიოთ პრობლემა? თბილისის მერიის მონაცემებით, ვაშლიჯვრის ფერდი წითელი, ანუ მომეტებული საფრთხის ზონა იყო. მაგრამ სამშენებლო ნებართვები მაინც გასცეს და თავადაც დაიწყეს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იგივე ითქმის ვერეს ხეობაზეც, სადაც მშენებლობის ბუმია.
2015 წლის მერე 8 წელი გავიდა და ვერეს ხეობისთვის ბევრი მიზიდულობის ცენტრია აშენებული - ბიზნესცენტრები, სასტუმროები და ა.შ. ვერეს ხეობის ახლოს სამშენებლო ნებართვებს თბილისის მერია არ გასცემს, რადგან არის საფრთხეები. ის ერთსართულიანი კერძო სახლების აშენების ნებართვასაც არ იძლევა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ იძლევა იმის ნებართვას, რომ აშენდეს დიდი კომპლექსები - სასტუმროები, ბიზნესცენტრები და სხვა, რაც არასწორია. ვერეს ხეობაში საუკუნეში რამდენჯერმე ხდება სტიქიური პროცესები. რაც დრო გავა, ხეობაში საფრთხეები უფრო და უფრო გაიზრდება, რადგან კლიმატი იცვლება.
- დრომ და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თბილისში წყალდიდობების საფრთხეც არსებობს და წყალმოვარდნებისაც (თბილისს ახსოვს მტკვრის ადიდების ფაქტები, მდინარე ვერეს ღვარცოფული მოვარდნებიც)...
- თბილისში არის წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეებიც. ამ ორ სტიქიას შორის ჩამოყალიბების დროშია განსხვავება. წყალდიდობის ჩამოყალიბება დღეები და კვირეები გრძელდება, მდინარეზე წყალი ნელ-ნელა იმატებს, ხოლო წყალმოვარდნის შემთხვევაში მდინარეში წყლის რაოდენობა საათებში ან ერთ დღეში იზრდება. ეს არის განსხვავება წყალმოვარდნა-წყალდიდობას შორის. მაგრამ თბილისში მხოლოდ მდინარეებს არა აქვთ ეს პრობლემა. მაგალითად, წყალმოვარდნა შეიძლება იყოს მდინარე ვერეზე, დიღმურაზე, გლდანულაზე, ლეღვთახევზე, ვარაზისხევზეც კი. ეს ყველა მდინარეა, ზოგჯერ სეზონურიც, მაგრამ საქმე ის არის, თბილისში შემოდის ათეულობით მშრალი ხევი, ანუ ჩვეულებრივ ამინდში უწყლო ხეობაა, რომელშიც ინტენსიური წვიმის დროს ყალიბდება დიდი რაოდენობით წყალი, ანუ ხარჯი, და ხდება წყალმოვარდნაც. მე მახსოვს 90-იან წლებში ადიდებული მტკვარი, როცა იუსტიციის სახლთან ჩოგბურთის კორტი დატბორა..წაიკითხეთ სრულად