"ჩემი შვილი უყურებდა, რომ მამამისი თვეების განმავლობაში უმუშევარი იყო, რთულად მივიღე აშშ-ში წამოსვლის გადაწყვეტილება" - როგორია მამუკა ლომაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში?
პაროდიის თეატრის მსახიობია. ამ კუთხით მისი დებიუტი სცენაზე ზუსტად 20 წლის წინ, ნოემბერში შედგა. მახსოვს, მისი პირველი ემოციებიც, როცა ფილარმონიის კულისებში კონცერტის შემდეგ ჩავწერე... მერე იყო, კონცერტები, სპექტაკლები, ტაში, პედაგოგობა, ხალხის სიყვარული... სცენაზე ყოფნის 20 წლისთავს კი ახალი ცხოვრებით შეხვდა - ის ემიგრანტია და უკვე მესამე წელია, რაც ნიუ-იორკშია. "ვცდილობ, კარგად ვიყო, შემართებით და ოპტიმისტურად" - გვეუბნება მამუკა ლომაშვილი, რომელსაც ამერიკაში დავუკავშირდი.
- კი, 20 წლის წინ დაიწყო ჩემი კარიერა ფილარმონიის სცენაზე... მანამდე იყო საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ჩემი სხვა მიმართულებებიც მქონდა - აგრარულ უნივერსიტეტში დებატკლუბი, პოლიტკლუბი... მერე თსუ-ს „კავეენშჩიკებმა“ მთხოვეს, რამდენიმე პაროდია გააკეთეო. ვიღაცების იმიტაციას ისედაც ვაკეთებდი... მიშა სააკაშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო და მისი პაროდიაც გავაკეთე... დათო გოგიჩაიშვილი და ბიჭები, ჩვენი „კავეენშიკები“ მისმენდნენ, უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, სერიოზული პაუზა შეიქმნა... მოკლედ, ასე მოვხვდი "ღამის შოუს" კონცერტებზე...
- ახლა ამერიკაში იმ ყველაფრის ნოსტალგია არ გაქვს?
- მარტო ნოსტალგია არ არის, ყველაფერია ერთად... სანამ ადამიანი ემიგრანტი არ გახდება, ვერ მიხვდება რა განცდებია. ვითომ შენია გარშემო აქ ყველაფერი, მაგრამ შენი არაფერია. ხანდახან ისეთი რაღაცები მოგენატრება, ვერც წარმოიდგენ... საერთოდ, დიდი განსხვავებაა ამერიკისა და ევროპის ემიგრაციას შორის. აქ ყველაფერი გაცილებით რთულად გიწევს, ვიდრე ევროპაში... დილა 5 საათზე იწყება, როცა ჯერ კიდევ ბნელა, რუტინაში ერთვები და დაღამებამდე ამ რუტინაში ხარ სულ - სამსახური, სამსახური, მუშაობა, მუშაობა. ფიზიკურად დრო არაფრისთვის გრჩება... სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდი - რაღაცები მიკვირს, რაღაცები მოგწონს, რაღაცები სწორად არ მიმაჩნია...
- რა იყო მიზეზი, რატომაც ამერიკაში წასვლა გადაწყვიტე?
- არასდროს არ ვსაუბრობ ჩემს პრობლემაზე, მაგრამ ფაქტია, რომ პანდემიის დროს საერთოდ არაფრის გარეშე დავრჩი. ფინანსურად კრიზისი შემექმნა, სახელმწიფო სამსახურიც არ მქონდა, რომ ხელფასი ვინმეს გადაეხადა... როდემდე უნდა ვყოფილიყავი ოჯახის წევრების კმაყოფაზე?! ძალიან განვიცდიდი იმ ყველაფერს, ამიტომ გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ზოგადად მაგ დროს ესტრადის არტისტებს ძალიან გაუჭირდათ. ჩვენ ჰონორარზე, გამოსვლებზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ ფიქრობდა... რაც მთავარია, ნიკო, ჩემი შვილი უყურებდა იმას, მამამისი თვეების განმავლობაში როგორ იყო უმუშევარი. არ მინდოდა, უმუშევარი მამა დაენახა. ისე, მეც არ ვიცი, როგორ და რანაირად გადავწყვიტე, მით უფრო, რომ საერთოდ არ ვიცოდი, სად მოვდიოდი. უბრალოდ ვთქვი, - ეს რომ არ გავაკეთო, შეიძლება მთელი ცხოვრება დავუსვა თავს კითხვა, რომ წავსულიყავი, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო-თქო. თუმცა არ ყოფილა იოლი, მაგრამ გადავწყვიტე და წამოვედი.
- ქართველები არიან შენ გარშემო?
- ძალიან ბევრნი ვართ. მათ შორის, ნაცნობებიც, ვისაც თბილისში ვერ ვნახულობდი, აქ ვნახულობ... იხილეთ სრულად