"მოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს" - რას ითვალისწინებს ცვლილებები კანონში: მგზავრების გადასაყვანად შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო
მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, გამომდინარე პროექტებთან ერთად 83-ხმით დაამტკიცეს.
პროექტის თანახმად, ავტოსადგური განიმარტება როგორც მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოწყობილი ადგილი, სადაც დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ, არარეგულარულ, ქვეყნის შიდა ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება.
"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები ემატება, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ. ასევე, მუნიციპალიტეტი თავისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ავტოსადგურიდან ავტობუსების რეისში გასვლა სავალდებულო არ არის. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ორი უნივერსალური სახის ნებართვის შემოღება ხდება - ეს არის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს საშუალება მიეცემა განახორციელოს როგორც საერთაშორისო რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.
როგორც ცვლილებებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს, ავტოსადგურებში საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები დაცული არ არის.
უწყების ინფორმაციით, უმეტესი ავტოსადგურების ტექნოლოგიური აღჭურვილობა და საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
"სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.
ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე - მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.
ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის მიზნით იყენებენ რესურსამოწურულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც კომფორტის თვალსაზრისით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
შედეგად ის მეწარმე-გადამზიდველები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ახორციელებენ, არაკონკურენტუნარიან პირობებში აღმოჩნდნენ, რაც იწვევს მათ განდევნას სატრანსპორტო ბაზრიდან და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით მომუშავე ავტობუსის მფლობელი ინდივიდუალური პირებით ჩანაცვლებას“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში. იხილეთ სრულად