"ღირს კი გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად?!" - რატომ არ კრძალავს ხელისუფლება საფრთხის შემცველი პიროტექნიკის რეალიზაციასა და გამოყენებას
უკვე წლებია საქართველოში პიროტექნიკით გამოწვეული დაზიანებებით საავამდყოფოში ათეულობით ადამიანი ხვდება.
საახალწლო განწყობის ამ სახიფათო საშუალებებით შექმნა, ადამიანებს ხშირად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასად უჯდებათ.
გარდა ამისა, მისი გამოყენება აბინძურებს ჰაერს, გარემოს და საფრთხეს უქნის შინაურ ცხოველებს.
ფოიერვერკებით მიღებულ დაზიანებათა უმეტესი წილი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობაზე მოდის, თუმცა ყოფილა შინაგანი ორგანოების დაზიანებების, მხედველობის დაკარგვისა და კიდურების ამპუტაციის შემთხვევებიც.
მეტიც, ორი წლის წინ, ქუთაისში ამ ერთი შეხედვით უწყინარ გართობას ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედია ახალი წლის ღამეს მოხდა, ქალი თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში ერთკვირიანი მკურანლობის შემდეგ გარდაიცვალა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს მხოლოდ იანვრის თვეში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 87 პირი დაშავდა, მათ შორის 19 არასრულწლოვანი, ასევე იყო კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიც.
დამწვრობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე სიცოცხლისთვის საშიშ იმ დაზიანებათა სპექტრზე გვესაუბრება, რომლებიც ფოიერვერკების მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს.
"აქ მხოლოდ დამწვრობაზე არ არის ლაპარაკი. არის თვალების დაშავების, ნახეთქი ჭრილობებით გამოწვეული გართულებების, მუცლის ღრუს დაზიანების და ხელის თითების ამპუტაციის შემთხვევები. ძირითადად, 47%-ის შემთხვევაში ზიანდება მარჯვენა მტევანი, შემდეგ მოდის სახის არე, შემდეგ მარცხენა მტევანი და ბოლოს გულ-მკერდის არე.
ფოიერვერკი, რომელიც 200-300 მეტრის სიმაღლეზე ადის და ფეთქდება, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას გიზამს, ახლო დისტანციიდან რომ მოგხვდება. რაღა გატენილი იარღი უსვრია ვინმეს და რაღა ეს.“ - გვეუბნება გუგა ქაშიბაძე. იხილეთ სრულად