"სკოლაში მითხრა ერთმა, მე სომეხთან არ დავჯდებიო... საქართველო არის ჩემი სამშობლო, ჩემი ისტორია, ჩემი ყველაფერი" - 16 წლის ლიზი ინტერნაციონალური ოჯახიდან
ელისომ, რამდენიმე წელი აბასთუმანის დედათა მონასტერში გაატარა. ლოცვისას თურმე ხშირად სთხოვდა უფალს, ან დედა გამხადე, ან დედაოო.. ერთ დღესაც მშობლების სახლში დაბრუნდა და მალევე გაიცნო მომავალი მეუღლე, რომელიც მის უბანში, თითქმის მეზობლად ცხოვრობდა, მაგრამ 30 წლის განმავლობაში არასდროს ენახა... შექმნეს ოჯახი და დღეს უკვე 4 შვილი ჰყავთ: ლიზი, ალექსი, ლაზარე და მაქსიმე. აქედან ორი შვილი პატრიარქის ნათლულია. თავად ელისო პედაგოგია, მეუღლე კი ბიზნესმენია. ამ რამდენიმე დღის წინ, საერთო ახლობლის მეშვეობით მოვხვდი მათთან, და რამაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, იყო ის, რომ ოჯახი ინტერნაციონალურია. ერთ სახლში ცხოვრობს ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ბერძენი. საოცარი დამოკიდებულებაა ოჯახის წევრებს შორის. როგორც ელისოს მეუღლე, არკადი მიყვება, მათ უბანში, ძირითადად ბერძნები, რუსები, სომხები ცხოვრობდნენ. ბერძენი დედის გამო, გარკვეული პერიოდი, ოჯახმა საბერძნეთში გაატარა, მაგრამ იქ ვერ გაჩერდნენ, შემდეგ უკრაინაშიც იცხოვრეს თითქმის სამი წელი, მერე რუსეთში იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ, საქართველოში დაბრუნდნენ. :
"ასე მგონია, ყველა ადამინისთვის, ვინც თბილისში ცხოვრობს, ძნელია სადმე გადავიდეს. მამა 2 წლის იყო, როცა აქ ჩამოვიდა. საქართველოდან ბევრი ბერძენი წავიდა. უბანი შეიცვალა. რუსებიც წავიდნენ ჩვენი უბნიდან და ქართველები ჩამოვიდნენ სხვადასხვა რაიონებიდან. ეს პაპას სახლია, სადაც მამაჩემმა გააგრძელა ცხოვრება, ახლა კი მე ვცხოვრობ. ვერსად წავედი აქედან. მინდა, რომ ბავშვები აქ გაიზარდონ. მართლმადიდებლური ოჯახი ვართ. თუ რაიმე დღესასწაულია, ყველაფერს ქართულად, ტრადიციულად აღვნიშნავთ. ორი შვილი უწმინდესის მონათლულია. კულტურის სამინისტროში, საპატრიარქოში და იუსტიციის სახლში, ჩვენს მიერ შექმნილი ავეჯი დგას. მცხეთაში, სვეტიცხოველში ბერების კელიები შიგნიდან სულ ჩვენი გაწყობილია“, - მეუბნება არაკადი.
საუბრისას, მათი უფროსი შვილი, 16 წლის ლიზი შემოგვიერთდა, რომელიც დღეს ჩვენი რესპონდნტია.
ლიზი ბჟიოიანი, 16 წლის:
- რას ნიშნავს იყო ინტერნაციონალური ოჯახის შვილი?
- ეს ბევრი თვალსაზრით, ძალიან კარგია - ჯერ ერთი, ბევრი ინფორმაციის მიღება შემიძლია, შესაბამისად, შეიძლება ჩემს თანაკლასელებზე მეტი ვიცოდე. ამასთანავე, უფრო მეტი მეგობარი და სანაცნობო წრე მყავს. გარემოცული ვარ ყველაზე კარგი ადამიანებით, მამას შემიძლია ყოველთვის ვკითხო რჩევა და ნებისმიერ პრობლემაზე ვესაუბრო. ასევე ყოველთვის მაქვს დედისა და ბაბუის მხარდაჭერის იმედი. მეამაყება, რომ ასეთი ოჯახიდან ვარ...
- როცა იგებენ მამით სომეხი და დედით ქართველი ხარ, როგორ გხვდებიან სკოლაში?
- იყო შემთხვევა, სომეხიც დაუძახიათ ჩემთვის... ისე კი ძალიან ბევრი სტერეოტიპული შეხედულება აქვთ სომხების მიმარ. მაგალითად, ის, რომ თითქოს მათ ფული უყვართ, გაუნათლებლები არიან, ცუდი ხალხია ადამიანობის მხრივ და ა.შ. როცა უკვე ჩემს სახეს და ადამიანობას ვუჩვენებ, თუნდაც ჩემს ტოლებს, ეცვლებათ აზრი. დედაჩემის დიდი წვლილია იმაში, რომ ჩემი მსოფლმხედველობა და აზროვნება დღეს სრულად ქართულია. ასევე ჩემი აზერბაიჯანელი ბებიის, რომელსაც მამა აზერბაიჯანელი, დედა კი ჩემსავით ქართველი ჰყავდა. კიდევ ჩემი ქართულის მასწავლებლის. ამ სამმა ადამიანმა შემაყვარა საქართველო და მე თამამად ვაბობ, რომ ქართველი ვარ. ერთხელ სკოლაში მითხრა ერთმა მოსწავლემ, მე სომეხთან არ დავჯდებიო. გავიდა დრო, დღეს იმ ადამინთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ის გულის ტკივილი არ მავიწყდება. იხილეთ სრულად