"ცოცხალი ვარ! ძალიან კი უნდათ რუსებს ჩემი მოკვლა, მაგრამ... " - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი მისი ლიკვიდაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?
რუსული პროპაგანდისტული "ტელეგრამარხების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლი მამუკა მამულაშვილი თითქოს ლიკვიდირებული იყო, საბედნიეროდ, მორიგი სიცრუე აღმოჩნდა - "ქართული ლეგიონის“ მეთაური ცოცხალია და ჩვეული შემართებით აგრძელებს საქართველოს სახელით ბრძოლას, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მამუკა მამულაშვილის და "ქართული ლეგიონის“ სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები არაერთხელ აქვს აღძრული, დაქირავებული მებრძოლების გადაბირების და შეიარაღებულ კონფლიქტში მათი ჩართვის მუხლებით. ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს, რუსეთის არმიის მებრძოლებმა მამუკა მამულაშვილი უკრაინაში, "სპეცოპერაციის ზონაში“ მოკლეს, რუსულმა "ტელეგრამარხებმა" საახალწლო დღეებში გაავრცელეს.
ცნობისთვის ახალი, 2024 წელი რუსებმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით დაიწყეს. დასავლური მედიის ინფორმაციით, "პუტინმა მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები, შეუწყვიტა სინათლე და სითბო ათასობით ადამიანს და ცდილობდა, დაერღვია ერის ნება. როგორია ამ ყველაფერის მიმართ უკრაინელი ხალხის პოზიცია, რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე და როგორია ქართველი მებრძოლების განწყობები? - ამის შესახებ, რუსების მიერ "ლიკვიდირებულად გამოცხადებული" მამუკა მამულაშვილი თავად გვესაუბრება:
- ძალიან უნდათ რუსებს ჩემი მოკვლა და სასურველს რეალობად ასაღებენ. არ არის გამორიცხული, რომ რუსულმა დაზვერვამ მართლა მიაწოდა ასეთი ინფორმაცია საკუთარ ხელმძღვანელობას, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ყველაფერიც კარგად იცოდნენ, მაგრამ პროპაგანდისტული მიზნებით გაავრცელეს ჩემი ლიკვიდაციის შესახებ ამბავი. საქმე იმაშია, რომ რუსეთის ხელისუფლება ასეთი შინაარსის ინფორმაციების გავრცელებით საკუთარი ხალხის გულს იგებს. ახლა არჩევნები მოდის, შეიძლება კიდევ ბევრჯერ გამოიყენონ წარმატებით აპრობირებული ეს მეთოდი. მოსახლეობის დიდი მასა ბრმად, ისე იღებს ინფორმაციას, რომ არ ამოწმებს, ამბავი მეხსიერებაში რჩება და პროპაგანდის სასარგებლოდ მუშაობს. მერე რა, რომ შეიძლება, მოგვიანებით სიმართლე გაირკვეს, მთავარია რუსი ხალხის პირველი სიხარული, დანარჩენზე რუსული პროპაგანდა არ ფიქრობს. ამ ხალხისთვის ობიექტურობა არ არსებობს. სიცრუის სასურველ რეალობად გასაღება - ეს არის პროდუქტი, რომელსაც რუსი ხალხი წარმატებით მოიხმარს. ყველას შეუძლია იმის გარკვევა, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ამით რუსეთიდან ჯერ არავინ დაინტერესებულა.
- რას აკეთებდით იმ დროს, როდესაც რუსული "ტელეგრამარხები" თქვენი ლიკვიდაციის შესახებ იუწყებოდნენ?
- ფრონტის ხაზზე გადავადგილდებოდი და "ქართული ლეგიონის“ მებრძოლებს ვამხნევებდი. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ბიჭების გამხნევება. ვცდილობთ, როგორც შეგვიძლია...
- როგორც ვიცი, მებრძოლებს დრონების საშუალებით ჩურჩხელები დაურიგეთ...
- ეს ბიჭებმა მოიფიქრეს, თანამებრძოლების გასამხნევებლად და გასამხიარულებლად. სხვათა შორის, თათარაც თავად გააკეთეს და ჩურჩხელებიც თავად ამოავლეს... შეძლებისდაგვარად გაულამაზეს ერთმანეთს ახალი წელი.
- უკვე მეორე წელია, ახალ წელს ფრონტის ხაზზე ხვდებით, როგორია თქვენი და თქვენი მებრძოლების განწყობა, როგორ აღნიშნეთ ახალი წლის დადგომა?
- პირადად მე, უკვე მეათე ახალ წელს ვხვდები ფრონტის ხაზზე. ომში ახალი წლის მხიარულება არასდროს იგრძნობა, იმიტომ რომ, ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები იღუპებიან. ახლა განსაკუთრებულად მძიმე განწყობა გვაქვს, ცოტა ხნის წინ ორი გამორჩეული მებრძოლი დავკარგეთ და ჯერ კიდევ ვერ შევძელით, მათი ცხედრების ცხელი ხაზიდან გამოტანა.
"ქართველი ლეგიონის“ ყველა მებრძოლი ამას ძალიან განიცდის.