"ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი... მეწყერი ღამე ჩამოწვა და ვერავინ გამოასწრო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბაღდათის ტრაგედიაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანის ცხედარი იპოვა, მიმდინარეობს კიდევ 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები.
როგორც ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი აცხადებს, შემთხვევა ღამით მოხდა, გამოსწრება ვერავინ მოასწრო.ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი.
"ერთი სახლი მიწასთან გასწორებულია, მოყოლილები არიან მამა და სამი შვილი და მეორე სახლში სამი ადამიანია მოყოლილი - ჩემი მაზლიშვილი, რძალი და დედამთილი. ამბობენ, რომ სამივე გარდაცვლილია" - ამბობს ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას.
"წვიმების დროს სულ ასეთი პრობლემა იყო, სახლები საფრთხის ქვეშ იყო. ასეთ დროს მივდიოდი ხოლმე და სახლს ვტოვებდი. ეს პრობლემა წლებია არსებობს" - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
რა განცხადება გაავრცელა შსს-მ?
"იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.
სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.
სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები".