"ბავშვების დედა იტალიაშია, ყველა შოკირებული ვართ... მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია..." - რას ჰყვება სოფელ ნერგეეთის სკოლის პედაგოგი?
წუხელ ტრაგედია დატრიალდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. ჩამოწოლილმა მეწყერმა ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, 5 ადამიანის სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით, 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი.
"ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი" - აღნიშნა მან.
ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი. AMBEBI.GE ბავშვების პედაგოგს, ხათუნა ხიზანეიშვილს ესაუბრა:
- ერთ ოჯახს ეძებენ ამ დროისთვის, მამა და სამი შვილი. სამივე ბავშვი ჩემი მოსწავლეები არიან. ტყუპი დები და ერთი ბიჭი. ვაჟი მეთერთმეტეკლასელია, გოგონები მეცხრე კლასში არიან. მეც ამ სოფელში ვცხოვრობ, ჩემი მეზობელია ეს ოჯახი.
- ტრაგედიის დროს, სად იყავით?
- ძლიერი ქარიშხალი იყო, დამტვრეულია ყველაფერი, ხეები, ღობეები, არაფერი გვივარგა ეზოში. ღამის ორის ნახევარი იქნებოდა ტყიდან საშინელი გუგუნი გავიგეთ, რას ვიფიქრებდით, მიწა თუ მოწყდებოდა. სამ ოჯახს გადაუარა მეწყერმა. მთელი უბანი გარეთ ვიყავით, დილას შემოვედი სახლში. სამაშველოები მოვიდნენ, საირმიდან ჩამოიტანეს ტექნიკა, დრონები გაუშვეს. ორი ოჯახი იპოვეს და მესამე ვერა, ჯერჯერობით, არ ჩანან. რამდენჯერ დავრეკეთ წუხელ და არც ცოცხლები ჩანან და არც გარდაცვლილები.
შოკირებული ვარ, ეს ბავშვები ჩემს ხელში გაიზარდნენ, მეხუთე კლასიდან ვასწავლი, ბიჭი ჩემი შვილის მეგობარია. ძალიან ცუდი ამბავი დაგვემართა. იხილეთ სრულად