სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში დაუდასტურეს.
სოსო ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა.
სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ათობით ფილმში, მათ შორის: „ნატვრის ხე“, „თეთრი ბაირაღები“, „ამაღლება“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“, „უძინართა მზე“, „ფესვები“. ის იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმების: „ჩემი პირველი სიყვარული“; „მანიაკები? ფანატიკები?“; „სვანი“; „მაიტა ნასოსი“. რაც შეეხება მის მოღვაწეობას სპორტში, სოსო ჯაჭვლიანი 1998 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო 2018 წელს ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.
ასევე, ჯაჭვლიანი იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016) - ის იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.