გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი
ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ლეგენდა წავიდა! ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა" - წერია ჭიდაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდზე.
თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. ის იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).
1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.
1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი "ხარება და გოგია", რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.
ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.
1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი.[5]
საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია.
2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.