რა ხდება ცნობილი ქეთი ჯავახიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე და რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მის დაკავებაზე?
შსს-ს ინფორმაციით, სამგორში, წინაუბნის დასახლებაში მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოკლული ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. მას დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული და ორმოში იყო ჩაგდებული.
ადგილობრივების თქმით, მომხდარში ბრალდებული მამაკაცი 21 წლის ოთარ ცინდელიანია, რომელიც წარმოშობით სვანეთიდან არის და წინუბანში ახლობლებთან ცხოვრობდა. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მისი დედა ესპანეთში ცხოვრობს. თავად ისიც ამ ქვეყნიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მათივე განცხადებით, მას გარდაცვლილის ოჯახთან ნათელმირნობა აკავშირებდა.