უამინდობა საქართველოში - გზის რომელ მონაკვეთზე მოქმედებს შეზღუდვები: "მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება"
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. "მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.