პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს | Allnews.Ge

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა რესპუბლიკის მოედანზე გააკეთა, სადაც გულშემატკივრები და ნაკრების წევრები გამარჯვებას ზეიმობენ.

„დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.

myquiz