"ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი უნდა გამოვყო, რომლებზეც არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება ბავშვის თავის ტვინი და რამდენად მტკიცე იქნება იმუნიტეტი" - რა უშლის და რა უწყობს ხელს ტვინისა და იმუნიტეტის განვითარებას | Allnews.Ge

"ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი უნდა გამოვყო, რომლებზეც არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება ბავშვის თავის ტვინი და რამდენად მტკიცე იქნება იმუნიტეტი" - რა უშლის და რა უწყობს ხელს ტვინისა და იმუნიტეტის განვითარებას

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში"პირადი ექიმი" საუბრობს, რომელი პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და იმუნიტეტის განვითარებას და რის გამოყენებასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, თუ გვსურს, ზრდასრულ ასაკში საღი აზროვნება, მეხსიერება და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ:

- ყველა ის ინფორმაცია, რომლებსაც გაგიზიარებთ, პრაქტიკულად უნივერსალურია. გაგახსენებთ, რომ ნერვული სისტემა ჩვენი ორგანიზმის მართვის პულტია. ყველა ორგანო, სისტემა არის ორკესტრი, რომელსაც ერთი დირიჟორი ჰყავს, თავის ტვინის სახით. იმუნური სისტემა ჩვენი ორგანიზმის დაცვაზე მთლიანადაა პასუხისმგებელი, მათ შორის, ნერვულ სისტემაზე, შესაბამისად, კავშირის ხელოვნურად ძებნა არც გვჭირდება. ასეთი კავშირი ბუნებრივად არსებობს. მაგრამ, მოსაძებნია კავშირი კვებას, ნერვულ სისტემასა და იმუნურ სისტემას შორის.

დადგენილია, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ანთებას ხელს უწყობს, ბავშვის ნერვულ სისტემას, თავის ტვინსა და მის განვითარებასაც აზარალებს. მეორე მხრივ, ასუსტებს იმუნიტეტს. შესაბამისად, ასუსტებს ბავშვის იმუნურ პასუხს სხვადასხვა გამოწვევაზე. ყველა ის პროდუქტი, რომლებიც კალორიებითაა დატვირთული, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბია, პრობლემაა ნერვული სისტემის განვითარებისთვის, თავის ტვინისთვის, შემეცნებისა და რასაკვირველია, იმუნური სისტემისთვის.

როდესაც კვება კალორიებით მდიდარია, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მაშინ რომელი ნივთიერებებით იტვირთება ასეთ დროს ბავშვის ორგანიზმი. ესენია:

ბევრი შაქარი,ბევრი მარილი,ბევრი ცხიმი.

ასეთ პროდუქტები უდავოდ გემრიელია, ბავშვებს უყვართ, მათ ურჩევნიათ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტის ნაცვლად, რომელსაც თუნდაც მოხარშული ხორცით მოვუმზადებთ, ძეხვი, სოსისი, დაბრაწული, შემწვარი, დაშაშხული, მარილსა და კვამლში გამოყვანილი პროდუქტები მიირთვან. იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური გემოები ბავშვებისთვის უფრო საინტერესოა ხოლმე.

ბავშვებს უყვართ წახემსება ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა: ჩიფსი, ბურბუშელა, ხრაშუნა პოპკორნი, სხვადასხვა სახის ტკბილეული, პურ-ფუნთუშეული, სწრაფი კვების პროდუქტები. ეს ტვინის განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის ერთხელ მოხმარებით პრობლემას არ შექმნის. ჯანმრთელი ბავშვებისთვის ხანდახან ასეთი პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია. მაგრამ როდესაც სისტემატურ, არარაციონალურ, დიდი რაოდენობით გამოყენებაზე ვსაუბრობთ, მაშინ რისკი ცალსახაა. ეს ყველაფერი ბავშვის ჯანმრთელობაზე, თავის ტვინსა და იმუნურ სისტემაზე აუცილებლად აისახება.

რა არის საერთო და რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად ნერვული სისტემის, თავის ტვინისა და იმუნიტეტის განმტკიცებისათვის?ამისთვის რამდენიმე პროდუქტი გვაქვს და მათ შორის, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელო ცილა, რომელსაც "სიცოცხლის მოლეკულას"ეძახიან. ცილა სჭირდება იმუნიტეტსაც და თავის ტვინსაც. ყველა ამინომჟავა რომ შედის, ისეთი ცილა. ცილა, სწორად შერჩეული ნახშირწყლები, თუთია იმუნიტეტსაც და თავის ტვინის განვითარებასაც სჭირდება.

ასევე, უნდა გავითვალისწინოთ B ჯგუფის ვიტამინები. გავითვალისწინოთ A ვიტამინი და მისი წინამორბედი ნივთიერებები, რომელთა არსებობაც საკვებში ტვინსაც სჭირდება და იმუნიტეტსაც. მაგრამ, დღეს 2 ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი მინდა, გამოვყო, რომლებზეც ნაკლებად ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას. არადა, მათზე ხშირად არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება ბავშვის თავის ტვინი და რამდენად დაცული იქნება ჩვენი ორგანიზმი, რამდენად მტკიცე იქნება ჩვენი იმუნიტეტი. ეს არის რკინა და ქოლინი. როგორც ირკვევა თავის ტვინის, ბავშვის ნერვული სისტემის სრულფასოვანი განვითარების, იმისათვის, რომ ზრდასრულ ასაკში საღი, ადეკვატური აზროვნება, სწორი შემეცნება გვქონდეს, რკინა და მისი შესაბამისი მოხმარება გვჭირდება. იხილეთ სრულად

myquiz