"გული მწყდება, რომ საქართველოს ნაკრების მაისური არ ჩამიცვამს" - რას საქმიანობს დღეს და რას ამბობს ნაკრების ახლანდელ და წარსულის დიდ გამარჯვებებზე თენგიზ სულაქველიძე
ჩვენს წარმატებულ ფეხბურთელს თენგიზ სულაქველიძეს მისი სახელობის საფეხბურთო აკადემიაში ვესტუმრე. ყველა დროის საუკეთესო მცველი და ნახევარმცველი დღესაც ფორმაშია და ისევ ფეხბურთს ემსახურება, ახალი თაობის აღზრდაში დიდი წვლილი შეაქვს. ფეხბურთის გარეშე არც ვიცი, რა უნდა მეკეთებინაო - მითხრა... ჩემპიონი, არაერთი პრიზისა და პრესტიჟული თასის მფლობელი,1988 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, სპორტის რაინდის წოდების მქონე ფეხბურთელი გულისხმიერად დაგვხვდა. ვისაუბრეთ საქართველოს ნაკრების გასაოცარ წარმატებაზე, გავიხსენეთ წარსული და სამომავლო პერსპექტივებიც დავსახეთ.
- უდიდესი საქმე გაკეთდა. უდიდესი საქმეა, როდესაც შენი ქვეყნის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გადის. ეს იყო იმ დაუღალავი შრომის შედეგი, რაც აქამდე იქნა გაწეული, რაც გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ყველაფერი თაობებმა მოიტანეს, ბიჭებმა, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ - მათი დამსახურებაა და ამ შედეგებამდე მოვიდნენ. საერთოდ კი, ყველაფერი საქართველოს ფეხბურთის დამსახურებაა. დასამალი რა არის, როდესაც საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა (1991-1992 წლები), უმძიმესი პერიოდი იყო. არც მერე იყო ნაკლები სირთულეები. ამიტომ 5-6 წელი საქართველოს ნაკრები ჩემს აკადემიაში ვარჯიშობდა, რადგან ამისთვის ადგილი თბილისში არ იყო. ეს ბიჭები კი მაშინ იყვნენ - კალაძე, კობიაშვილი, დემეტრაძე, იაშვილი... ახლა ნაკრებს საოცარი პირობები აქვს და ეს ფედერაციის დამსახურებაა, ასევე სახელმწიფოსი. პირველ რიგში კი თვითონ გუნდმა, თავდადება გამოიჩინა. ასეთ თავდადება, რაც ბერძნებთან მატჩის დროს იყო, იშვიათი შემთხვევაა.
- ბერძნები ძალიან უხეშობდნენ...
- და არასპორტულადაც იქცეოდნენ. იყო ხელით ჩარტყმებიც და ბინძური მეთოდებით უნდოდათ, ჩვენი ბიჭების წყობიდან გამოყვანა. მიმაჩნია, რომ კვარაცხელიადან დაწყებული, მეკარით დამთავრებული, მაგრად ითამაშეს. გუნდი რომ იყო მოედანზე, ეს იგრძნობოდა. მაქსიმუმი, რაც შეძლეს, დადეს. ამისთვის მადლობა მადლობა მათ. თამაშამდე რამდენიმე ტელევიზიას ინტერვიუ მივეცი, სადაც აღვნიშნე, ისეთი განწყობა მაქვს, რომ ნაღდად მოვიგებთ და ევროპაზე გავალთ-თქო... ფედერაციამ ნაკრებს ხელი დიდად შეუწყო, რომ ბიჭებმ გარდა თამაშისა, არაფერზე იფიქრონ. კიდევ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ და კიდევ მეტი დაფინანსება ქართულ ფეხბურთს.
- თქვენი აკადემიის აღსაზრდელებიდან ვინ თამაშობდა 26 მარტს ნაკრების შემადგენლობაში?
- საბა კვირკველია. მისი მწვრთნელი ვახტანგ კოპალეიშვილი იყო, უბრწყინვალესი პიროვნება, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. ჩვენს აკადემიაში მუშაობდა და საბა აქ გაიზარდა. ვამაყობ, რომ ჩემი აკადემიის აღზრდილი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. არ მინდა, ვინმე გამოვარჩიო, მაგრამ რადგან საბა ვახსენეთ, ვიტყვი, რომ რაც უთამაშია, ეს ორი თამაში იყო საუკეთესო.
- როგორც წარმატებულ ფეხბურთელს იმ შემადგენლობაში და მოედანზე ყოფნა არ გინდოდათ?
- რა თქმა უნდა, მინდოდა. ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება, ეს არის, რომ საქართველოს ნაკრების მაისური არ ჩამიცვამს.10 წელი საბჭოთა კავშირის ნაკრებში კი ვითამაშე, მაგრამ ის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ საქართველოს მაისური მცმოდა და ერთი თამაში ამ მაისურით მაინც მეთამაშა, - ეს სხვა რამეა... იხილეთ სრულად