"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება.
პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: "კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.
"ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ "ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარლამენტთან აქცია - "არა რუსულ კანონს“ დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკან გაშალეს ბანერი წარწერით: "დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით“.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია "ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.