ნუციკო, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს, 7 ენაზე მღერის - გაიცანით 6 წლის გოგონა საოცარი ნიჭით
თიკო მახარაძე და ნუცა საჩეჩელაშვილი დედა-შვილი არიან. ამ მუსიკალურ დედა-შვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ, რადგან ცნობილი "ტიკტოკერები" არიან. 6 წლის ნუცა საოცარი ნიჭით გამოირჩევა, ყოველი მისი ნამღერი მსმენელის გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს. ამ ნიჭის გამოვლენამდე, გოგონას არც ისე სასიამოვნო პერიოდი აქვს გავლილი. რასთან ჰქონდა საქმე ნუცას ოჯახს, რა პრობლემის გადალახვა მოუხდა ყველას ერთად, ამაზე თიკო მახარაძე, ნუცას დედა გვიამბობს:
- ნუცა დაიბადა 7 თვის - 31 კვირის იყო. დაბადებისას არ ჰქონდა რაიმე თანდაყოლილი პრობლემა. ყველაფერი მოხდა შემდეგ, ექიმები ფილტვებს ეხმარებოდნენ, რომ უკეთ გახსნილიყო. როდესაც ჟანგბადი მიაწოდეს, თავში კაპილარი გაუსკდა, ვერ გაუძლო, რადგანაც მისი ნაადრევობის გამო ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო. ამიტომაც მივიღეთ დიაგნოზი - ცერებრალური დამბლა. ბავშვმა რეანიმაციაში გარკვეული პერიოდი გაატარა... შემდეგ, ამის გამო, 6 თვისას თერაპიის კურსი დავუწყეთ. დიაგნოზის გაგებისთანავე მივხვდით, რომ ამ ყველაფერთან გამკლავება ადვილი არ იქნებოდა და ბრძოლა მოგვიწევდა. ტვინის ძალიან ძლიერი დაზიანება. მოკლედ უტარდებოდა თერაპიის კურსი და ექიმების რჩევებს მივყვებოდით. გვეუბნებოდნენ, რომ ვერ გაივლიდა.
- პირველ ეტაპზე ასეთი იყო მათი პროგნოზი?
- კი და დამოუკიდებელი ჯდომაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. პროცესს მივენდეთ, რაღაცნაირად გვჯეროდა, რომ მაინც შეძლებდა და ნუცა ფეხზე დადგებოდა. არც ერთი წამით იმედი არ დაგვიკარგავს. მაქსიმალურად რაც შეგვეძლო, ყველაფერი ჩავდეთ, რომ სიარული შესძლებოდა. თავიდან ექიმები ზუსტ პასუხს ვერაფერზე მეუბნებოდნენ, რადგან ბევრი რამ ბავშვის მონდომებაზე იყო დამოკიდებული. როგორ იყოჩაღებდა და რამდენად მხნედ დაუდგებოდა ამ გამოწვევას. ამბობდნენ, თუ 2 წლამდე დაჯდება, მაშინ სიარულზეც ვიფიქროთო... ხომ ვამბობ, დამოუკიდებლად დაჯდომაც კი სათუო იყო, რადგან თავს ვერ იჭერდა. ხელში უნდა გვჭეროდა, ან რაღაც სხვა პოზიციაში უნდა ყოფილიყო. სასწაული მოხდა - 2 წლისა დაჯდა. ნუცა დღეს დადის, 3 წლის იყო პირველად დამოუკიდებლად რომ გაიარა.
- მანამდე, როგორც თქვით, თერაპიას გადიოდა და ინტენსიურად ვარჯიშობდა..
- დიახ, დადის ოღონდ, სრულად ჯერ ვერა, მხოლოდ ფეხის წვერებზე. წარმოიდგინეთ ასეთ მდგომარეობაში დარბის კიდეც. უბრალოდ, თავისი დიაგნოზიდან გამომდინარე ტერფის სრულად დადგმა უჭირს. სიელმეც მისი დაავადების შედეგია, რომელიც ოპერაციას ექვემდებარება.
- ე.ი. თავიდანვე ოპტიმისტურად იყავით განწყობილი, არც გიფიქრიათ, რომ რაღაც არ გამოვიდოდა, რაღაც ისე არ იქნებოდა, ხომ?
- მჯეროდა, რომ აუცილებლად გამოვიდოდა... ძალიან თბილი და სხვანაირი ბავშვია. არც თვლის, რომ ჯანმრთელობის მხრივ რაიმე შეზღუდვა აქვს. ამ ყველაფრის შესახებ რაღაც დონეზე ინფორმაცია აქვს... ბავშვი არის გონიერი, საღად მოაზროვნე. იხილეთ სრულად