"ახლა ჩემი მონაწილეობაა საჭირო იქ, სადაც ჩემი ქვეყანაა..." - ნინო ქათამაძემ საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლა გადაიფიქრა: რას წერს უკრაინული მედია?
გასული წლის მაისში, მომღერალმა ნინო ქათამაძემ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინაში საცხოვრებლად გადასვლას აპირებდა. ამ თემაზე უკრაინული მედია კიდევ ერთხელ წერს.
შეგახსენებთ, რომ ნინო ქათამაძემ კარიერის ნაწილი უკრაინაში აიწყო. ის მუდმივად აწყობდა საკონცერტო ტურებს და იყო ასევე ერთ-ერთი უკრაინული შოუს ჟიურის წევრი.
"ცოტა ხნის წინ, მიმდინარე ომის მიუხედავად, მომღერალი საქართველოდან უკრაინაში აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას, მაგრამ გადაიფიქრა" - წერს უკრაინული მედია. მათთან საუბარში ქათამაძე ამბობს, რომ ახლა საკუთარ ქვეყანას სჭირდება.
"ექვსი თვე ვიცხოვრე კიევში, როდესაც ძალიან კარგ მდგომარეობაში ვიყავი, შვილს ველოდი. მაგრამ ახლა არ შემიძლია. ახლა ჩემი მონაწილეობაა საჭირო იქ, სადაც ჩემი ქვეყანაა და იქიდან უნდა ვაკეთო კარგი საქმეები ჩემი უკრაინისთვის", - განაცხადა ნინომ უკრაინულ მედიასთან.
ნინო ქათამაძე ცნობილია თავისი პროუკრაინული პოზიციით. მომღერალი ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს ეხმარება, აწყობს საქველმოქმედო კონცერტებს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ნინოს მიერ დაგეგმილი საკონცერტო ტურნე შეწყდა.
„ყველაზე მტკივნეული ამბავი ის არის, რომ ახლა იმ ქალაქებში, სადაც უნდა გამოვსულიყავი და ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ის დარბაზები აღარ არსებობს“, - ამბობს ქათამაძე.